მიღება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა გახსნა. სტუმრებმა მოისმინეს მოხსენებები საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ასევე, მოხსენება ელჩის მეუღლის პრივილეგიების თაობაზე.
დღის მანძილზე პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ელჩების მეუღლეებისთვის ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო ცენტრში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული სამოსი და ქართველ დიზაინერთა კოლექციის ჩვენება. პროგრამის მონაწილეები ასევე დაესწრებიან რუსთაველის თეატრში ლიანა ისაკაძის კონცერტს “კულტურა საზღვრებს გარეშე”.
“პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ელჩების მეუღლეთა ჩართულობას დიპლომატიური მისიების საქმიანობაში, მათ გააქტიურებას საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის, ისტორიისა და მიღწევების წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
