
“ქალბატონო სალომე,
თქვენს ღია წერილს ასევე ღიად მინდა ვუპასუხო და პირადად თქვენ და მთელ საზოგადოებას გავუზიარო ჩემი დამოკიდებულება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენს მონაწილეობასთან დაკავშირებით.
არაერთხელ განვაცხადე, რომ დემოკრატიის უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვით არჩევნების ჩატარება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის და დიდი გამოწვევაა ჩვენი ხელისუფლებისთვის. კონკურენტულობა არჩევნების დემოკრატიულობის ერთ-ერთი წინაპირობაა და ამიტომ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მეტი ღირსეული კანდიდატი ვიხილოთ საპრეზიდენტო ბრძოლაში ჩაბმული. თქვენ, ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ღირსეული პიროვნება ბრძანდებით და პირადად მე მოხარული ვიქნებოდი, თუ თქვენს გვარსაც ვიხილავდი საარჩევნო ბიულეტენში.
ამასთანავე, ჩვენ ერთად ვიბრძოდით ამ ქვეყანაში კანონიერების დასამკვიდრებლად და ერთი კაცის დიქტატის, ერთი კაცის ნების მიხედვით ავტორიტარული მმართველობის დასამთავრებლად.
თქვენ, როგორც ამ ქვეყნის გამორჩეულ მოქალაქეს, როგორც საფრანგეთის ემიგრაციის ღირსეულ შთამომავალს, ევროპული კულტურისა და დემოკრატიული ღირებულებების წიაღში აღზრდილს, კარგად მოგეხსენებათ, რომ ერთი პირი, რაგინდ რა თანამდებობისა და ავტორიტეტისაც არ უნდა იყოს იგი, ვერ უნდა წყვეტდეს ვინმესთვის, თუნდაც განსაკუთრებით პატივსაცემი პიროვნებისთვის, გამონაკლისის დაშვებას, – ამ საკითხს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი და კონსტიტუცია განსაზღვრავს. ასევე დაუშვებელია მთავრობის ან პარლამენტის მიერ სასამართლოს ან საარჩევნო კომისიების კომპეტენციაში შემავალ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.
მესმის თქვენი შეშფოთება იმის გამო, რომ გავრცელებული არაოფიციალური შეფასებებისა და ცსკო-სა და სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით არსებობს სამართლებრივი ხასიათის კითხვები არჩევნებში თქვენი მონაწილეობის შესაძლებლობის თაობაზე. მაგრამ მე ვერ და არ ვიქნები სამართლის უმაღლესი ინსტანცია ჩვენს სახელმწიფოში. ეს პირობა მივეცი ჩვენს ხალხს და მას არავითარ შემთხვევაში არ დავარღვევ.
ამიტომ ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც შემიძლია – კიდევ ერთხელ მივმართავ და მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირს, რათა მოქალაქეების, მათ შორის, თქვენი, პოლიტიკური უფლებების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების დროს იხელმძღვანელონ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციით, კანონებით და საკუთარი შინაგანი რწმენით.
თქვენ კი გირჩევთ, ჩვეული შემართებითა და პრინციპულობით შეეცადოთ სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებში თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას – მერწმუნეთ, დღევანდელ საქართველოში აღარავინ დაიჩაგრება, თუკი სიმართლე და კონსტიტუცია მის მხარეს აღმოჩნდება.
პატივისცემით,
ბიძინა ივანიშვილი”
