როგორც იური ვაზაგაშვილმა დღეს, 21 აგვისტოს, “პრაიმტაიმის პრესკლუბში” განაცხადა, 2013 წლის 29 სექტემბერს, 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ დაგეგმილია საჯარო შეხვედრა, სადაც მოწვეული არიან საართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პოროკურორი არჩილ კბილაშვილი, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და ვახტანგ ხმალაძე და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი:

 

იური ვაზაგაშვილი
იური ვაზაგაშვილი

“მათ პასუხი უნდა გასცენ საზოგადოებას, ქვეყნის წინაშე დაგროვილ უმძიმეს შეკითხვებს. კითხვები მძიმეა და ხალხს პასუხი სჭირდება იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ხალხმა აირჩია 2012 წლის 1 ოქტომბერს. 1 ოქტომბერი იყო მონაპოვარი და ჩვენ ამ მონაპოვარის დაკარგვის უფლებას არავის არ მივცემთ”,– განაცხადა იური ვაზაგაშვილმა.

 

ის შეეხო ბაჩო ახალაიასთვის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალის მოხსნის საკითხსაც:

 

“ჩვენ დიდ განსხვავებას ვერ ვხედავთ წინა პროკურატურასა და ახალ პროკურატურას შორის. თუნდაც ახალაიას საქმე რომ ავიღოთ, მე კბილაშვილს არაერთხელ ვუთხარი, რომ არ შეიძლება ამ საქმის პროკურორი იყოს შაქრო ზაალიშვილი. შედეგად მივიღეთ ის, რომ პროკურატურა იყო ძალიან სუსტი”, –  განაცხადა ვაზაგაშვილმა.

 

მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან ახალი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებაა, განსაკუთრებით სამართლიანობის აღდგენის კუთხით:

 

“ის კრიმინალები, ვინც ჩვენ ხალხს ატერორებდა, აწამებდა და ციხეებში ტყუილად სვამდა, ისევ თანამდებობაზე არიან. ვითხოვთ იმ დანაპირების შესრულებას, რასაც გვპირდებოდნენ, რომ შეასრულებდნენ”,– აღნიშნა იური ვაზაგაშვილმა. მან ასევე განაცხადა, რომ ახალმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოაგვარა მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა და აუცილებელია, რომ მაჟორიტარების უკან გაწვევის სისტემა დაინერგოს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *