“ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატის განმარტებით, ინციდენტი ათენში, საექსტრადაციო საპყრობილეში მოხდა. ამჟამად ჩხიტუნიძე ათენის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მძიმე მდგომარეობაშია. ადვოკატის, დალი იმნაიშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადგილობრივ ადვოკატს არ აჩევენეს. იგი ჩხიტუნიძის საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვს.
“ინტერპრესნიუსის” ცნობთ, ადვოკატისთვის უცნობია, ვინ გაუსწორდა ფიზიკურად მისი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაზიანებები ჩხიტუნიძეს ათენის საპყრობილეში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა პატიმარმა მიაყენა.
ჩხიტუნიძის ადვოკატების ინფორმაციით კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში დაბრუნებას და ჩვენებების მიცემას აპირებდა და საზღვარზე იმ მოტივით აიყვანეს, რომ მის დიპლომატიურ პასპორტს მოქმედების ვადა ჰქონდა შეჩერებული.
საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ:
“ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ექსტრადირების მოთხოვნით დაკავებულია და საბუთები გადმოცემასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გადაიგზავნება.”
დავით ჩხიტუნიძეს ბრალად წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ჩხიტუნიძეს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ციხეში პრივილეგირებულად ყოფნაში ხელშეწყობა ედება ბრალად.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დავით ჩხიტუნიძე ქართული მხარის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე და საქართველოში ექსტრადიციის მიზნით 2013 წლის 13 აგვისტოს საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქ. ათენის აეროპორტში 14 სთ-სა და 30 წთ-ზე (ადგილობრივი დროით) დააკავეს. ჩხიტუნიძე საზღვრის გადაკვეთას ქ. სტამბულის მიმართულებით ცდილობდა.
