მიქაელ ბოტკოველი
მიქაელ ბოტკოველი

საპატრიაქროს პრესამსახურის უფროსის, მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, ამის მიზეზი “სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელი გახდა”.  კითხვაზე, იგულისხმება თუ არა ასეთ საქციელში სასულიერო პირის მიერ პროკურატურის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ბოტკოველმა განაცხადა: ” “რა თქმა უნდა”.

15 აგვისტოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა “ფეისბუქით” გაავრცელა ავჭალის წმინდა გიოორგის მამათა მონასტრის მღვდლის, მამა ნიკოლოზ ტაბაღუას ვიდეოინტერვიუ, სადაც სასულიერო პირი საუბრობს, პროკურატურა როგორ ცდილობდა მისგან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას.

 

ამ განცხადებაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო და  სპეციალური განცხადება გაავრცელა.

 

მამა ნიკოლოზ(მამუკა) ტაბაღუა
მამა ნიკოლოზ(მამუკა) ტაბაღუა

მამა ნიკოლოზ ტაბაღუა, რომელიც მღვდელმსახურების უფლების  შეჩერებამდე ავჭალის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის მღვდლი იყო, 2006-2011 წლებში იყო  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-10 დაწესებულების უფროსი. სწორედ ამ პერიოდში აქ სასჯელს იხდიდნენ გირგვლიანის საქმეში დადანაშაულებული პირები, რომლებიც ამჟამად გამოძიებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მიხედვით ციხეში ყოფნისას  სარგებლობდნენ პრივილეგიებით.

“ნეტგაზეთის” კითხვას, რატომ ითვლება ასეთი განცხადებების გაკეთება სასულიერო პირისთვის შეუფერებლად, ბოტკოველმა უპასუხა:

 

“აბა, როგორ., ეკლესიაში არსებობს იერარქია, თუ ასეთ რამეს ქონდა ადგილი, მას უნდა ჩაეყენებინა იერარქია საქმის კურსში. ეთქვა, რომ ჩემზე ხორციელდება ზეწოლა და ჩვენ მას დავუდგებოდით გვერდში და მას დავიცავდით. ჯერ აძლევს ჩვენებას, მერე ცვლის ჩვენებას, ეს არანაირად არ ჯდება სასულიერო პირის ქცევის წესში”. მისი თქმით, მამა ნიკოლოზ ტაბაღუას “იერარქია” რომ ჩაეყენებინა საქმის კურსში, მღვდელმსახურების უფლებამოსილებას არ შეუჩერებდნენ.  

 

“რატომ  იქნებოდა შეუფერებელი საქციელი? თუ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, მას უნდა ეთქვა ან ჩემთვის, ან პატრიარქის ქორეპისკოპისისთვის, ან თვითონ პატრიარქისთვის უნდა ეთქვა. ეს რა გამოვიდა?”

 

“ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, როგორ გახდა მღვდელი თემურ ტაბაღუა, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს  ციხის უფროსი იყო, და რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ეს.

 

მიქაელ ბიტკოველის განმარტებით, იმისათვის, რომ პირი მღვდელი გახდეს, უნდა ჰქონდეს სასულიერო განათლება.

 

“სემინარია 4- წლიანია, აკადემია_ 5- წლიანი, მაგრამ მას [მამა ნიკოლოზ ტაბაღუას]  სემინარიასა და აკადემიაში არ უსწავლია. არის გამონაკლისი შემხთვევები, როდესაც განსაკუთრებულ შემთხვევაში ექსტერნად გაიაროს რაღაც პერიოდი და და გახდეს ადამიანი სასულიერო პირი”.

 

ბოტკოველი ამბობს, რომ ნიკოლოზ ტაბაღუას არანაირი სასულიერო განათლება არა აქვს და “ზუსტად არ იცის”, როგორ გახდა იგი მღვდელი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *