
რამდენიმე პატიმარმა, რომელიც სასჯელს გეგუთის ციხეში იხდის, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
ისინი სასამართლოს და ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ მათ სისხლის სამართლის საქმეებზე.
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2 პატიმარი შიმშილობს, ომბუდსმენის ოფისი კი აცხადებს, სახლახო დამცველის თანამშრომლებმა პატიმრები 14 აგვისტოს მოინახულეს და იმ დროისთვის 6 პატიმარი შიმშილობდა, რომელთაგანაც ორმა პირი ამოიკერა. სახალხო დამცველის წარმოამდგენლები პატიმრების ხელმეორედ მონახულებას ხვალ გეგმავენ.
ეს პატიმრების შიმშილობის პირველი შემთხვევა არ არის ბოლო ორი თვის განმავლობაში. ომბუდსმენმა 12 აგვისტოს გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების #17-ე დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებთან შეხვედრისა და მათი პრობლემების გაცნობის შემდეგ, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ აუცილებელია დაჩქარდეს სისხლის სამართლის საქმეების გადახედვის პროცესი, ვინაიდან მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი მექანიზმის შექმნის გაჭიანურება უარყოფითად მოქმედებს არაერთი მსჯავრდებულის მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის აზრით, აუცილებელია ისეთი ეფექტური სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რომელიც რეაგირებას მოახდენს იმ პატიმრების საჩივრებზე, ვისაც ბრალი არ უღიარებია ან/და თავს უდანაშაულოდ, ან უკანონო პატიმრად მიიჩნევს.
