აქციაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 20-მდე სტუდენტი მონაწილეობს.
“არა პოლიტიზებულ აკადემიურ საბჭოს”, “თავისუფლება უნივერსიტეტს”, “არა პარტიულ გავლენებს”, “აკადემიური საბჭოს წევრებო, თქვენ ანაგარიშვალდებულნი და პასუხისმგელნი ხართ ჩვენი, საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე”, – ამ ლოზუნგებით მიმდინარეობს სტუდენტების აქცია.
სტუდენტების თქმით, ისინი უნდობლობას უცხადებენ აკადემიურ საბჭოს:
“ჩვენ აკადემიურ საბჭოს ვუცხადებთ უნდობლობას, ვინაიდან ისინი პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კადრები არიან. არ გვაქს ნდობა, რომ ისინი ღირსეულ კანდიდატს აირჩევენ. პირადად მე მხარს ვუჭერ მარინა მუსხელიშვილის კანდიდატურას, ვინაიდან მას აქვს გამოცდილება და პროფესიონალიზმი, რომ რეფორმები გაატაროს. რაც ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტში იქნება ხარისხიანი განათლება და აკადემიური თავისუფლება”, – აცხადებს ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ შენგელია.
თესეუს რექტორის არჩევნებში რეგისტრირებული 14 კანდიდატიდან კენჭისყრაში მონაწილეობას 13 კანდიდატი იღებს (ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე). კიდევ ერთმა კანდიდატმა მარინე ჩიტაშვილმა 14 აგვისტოს საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის განცხადებით მიმართა, თუმცა, რა გახდა კანდიდატურის მოხსნის მიზეზი, ჩიტაშვილს არ განუმარტავს.
საარჩევნო უბანი უნივერსიტეტში 13.30 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 14.00 საათზე დაიწყო და 16.00 საათამდე გაგრძელდება.
საარჩევნო კომისიის 9 წევრიდან – 7 თსუ-ს თანამშრომელია, ხოლო 2 წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ახალი თობა-დემოკრატიული არჩევნები“) წარმომადგენელი. საარჩევნო პროცესს 9 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.
ახალი რექტორი აირჩევა ფარული კენჭისყრით. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს -7 ხმას მიიღებს. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო 7 ხმა, მაშინ ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. არჩეული რექტორი უფლებამოსილების შესრულებას აკადემიური საბჭოს მიერ ოქმის დამტკიცების შემდეგ შეუდგება.
