დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში საბაგირო გზის გახსნის ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის მინისტრთა კაბინეტის, ქალაქ ბათუმის მერიისა და საკრებულოს, შსს აჭარის რეგიონალური სამმართველოს, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საკონსულოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ოფიციალური ინფორმაციით, საბაგირო ზოლის მშენებლობა 2012 წლის 10 აპრილს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია „დობერმაიერი“ ასრულებდა, რომელიც მთლიანად კურირებდა საბაგირო დანადგარების შესყიდვასა და დამონტაჟებას.
ბათუმის საბაგირო გზა კომპანია „ჰესტოკ-ბათუმის“ საკუთრებაა, რომელმაც ამ პროექტით 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
2600 მეტრის სიგრძის საბაგირო გზაზე ამ მომენტისათვის 8 გონდოლა მოძრაობს, თუმცა გათვლილია 22 გონდოლაზე. ფერიის მთიდან დაშვება მსურველთათვის უფასო იქნება, ხოლო ნავსადგურიდან მგზავრობის ფასი – 3 ლარი.

