“ეს არ არის კონცეფცია იმ გაგებით, რასაც ჩვენ კონცეფციას ვეძახით. ეს არ არის უმაღლესი სასწავლებლების სრულფასოვნად მოწყობის კონცეფცია, სადაც წერია, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს უმაღლესმა სასწავლებლებმა საქართველოში. არაფერია ნათქვამი იმაზე, როგორი უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დაფინანსება, სახელმწიფო იქნება ეს თუ კერძო, როგორი უნდა იყოს სტრუქტურა, როგორ უნდა ირჩეოდეს რექტორი, როგორი უნდა იყოს ავტონომიის ხარისხი, როგორ უნდა ტარდებოდეს კონკურსები და ა.შ.”- აცხადებს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნეტგაზეთთან საუბარში.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გია დვალს პირადად დავით ზურაბიშვილისგან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა სამინისტრო კონცეფციაზე, ზურაბიშვილი ამბობს:
“ეს არავისთვის მითქვამს. ამას ახლა ვამბობ პირველად, თუმცა შიდა წრეებში ყველა ამას ამბობდა,”- აცხადებს ის.
თუმცა ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ის, რაც აღნიშნულ დოკუმენტში წერია, ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერების განვითარებისთვის.
“ის, რაც არის ამ კონცეფციაში, არის კარგი. ეს არის ტენუირების პრინციპის შემოღება. გარკვეული სოციალური გარანტიები პროფესურისთვის და ამ პროფესურის შერჩევის მექანიზმი. თუ ეს არ გაკეთდა, სერიოზული სოციალური გარანტიები თუ არ მიეცა პროფესურას, სხვაგვარად გაგვიჭრიდება სერიოზული კადრების მოზიდვა, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი მეცნიერების. ყველა წამყვან უნივერსიტეტში ეს სისტემა მუშაობს. ბატონი დვალი მართალია, როცა ამბობს, რომ მეცნიერების გარეშე უმაღლესი განათლების სისტემა წარმოუდგენელია,”- ამბობს ზურაბიშვილი.
იქამდე კი, სანამ უმაღლეს სასწავლებლებში ტენიურებული პროფესორების შერჩევის ეტაპი დაიწყება, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ფუნდამენტის მომზადებაა საჭირო – საკანონმდებლო ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში.
ზურაბიშვილის თქმით, სანამ სამინისტროში მუშობდა, სამინისრტოს წარმომადგენელბს მიაჩნდათ,რომ დვალის კონცეფციის განხორციელებამდე, სახელმწიფომ ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღებით.
“ვფიქრობდით, რომ ჯერ სხვა რაღაცებია გასაკეთებელი. იგივე იურიდიული სტატუსის განსაზღვრა, სტრუქტურის განსაზღვრა, რექტორის შერჩევის წესი. დაფინანსების წესის განსაზღვრა. ჩვენ, პრინციპში, გვიხდება მაინც კანონმდებლობით განვსაზღვროთ ბევრი ისეთი რამ, რაც შეიძლება, იდეაში არ იყოს კანონმდებლობით განსასაზღვრი. ზოგადად, მე მომხრე ვარ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მინიმალური იყოს სახელმწიფოს ჩარევა. მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებელია სახელმიწიფო უმაღლესი სასწავლებლებიც არსებობდეს ჩვენთან. საქართველოში ისეთი ბაზარი ვერასდროს იქნება (თუმცა, “ვერასდროს” ცოტა ისეთი ნათქვამია, დავიტოვოთ რაღაც იმედი, რომ საქართველო ისე გაბრწყინდება, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს რა მოცულობის ფონდიც აქვს, იმდენი იყოს საქართველოს ბიუჯეტიც. თითქმის 6-ჯერ მეტია საქართველოს ბიუჯეტზე ჰარვარდის ბიუჯეტი. ამხელა თანხებზე ჩვენ ვერ გავალთ და კონკურენციას ვერ გავუწევთ), სახელმწიფოს დახმარება რომ არ იყოს საჭირო უმაღლესი სასწავლებლების.”
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ, შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომისთვის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მზადდება.
“ეს ცვლილებები საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას გახდის ისეთს, იმ პრინციპებზე აგებულს, როგორიც არის ევროპაში. ასეთი გეგმა ჩემი სამინისტროში მუშაობის დროს ნამდვილად არსებობდა.”
მხოლოდ ამის შემდეგ კი, მისივე თქმით, სახელმწიფო მზად იქნება იმაზეც იმუშაოს, რასაც დვალის კონცეფცია ითვალისწინებს.

