დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ითხოვა მოსამართლისგან შუამდგომლობის დაყენება მათთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობიდან გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუმცა, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, თავდაპირველად მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვა დაიწყეს, რაც დღეს, სამუშაო საათების დასრულებამდე ვერ მოესწრო პროცესზე, რის გამოც პატიმრობაში მყოფი პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ვეღარ მოხერხდა.

 

სასამართლო სხდომა დღეს დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა, მხარეებმა სხდომაზე ის მტკიცებულებები წარმოადგინეს, რომელიც უნდა განიხილონ და მათ დასაშვებობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დიდი ნაწილის დაუშვებლად ცნობა, მათ შორის, მამუკა ივანიაძის 26 ივნისის ჩვენება. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მამუკა ივანიაძე პროკურატურის მხრიდან გახდა ზეწოლის მსხვერპლი, ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა, რის გამოც ის დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა დაუშვებლად იქნეს ცნობილი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი რამდენიმე ტომი, რომელიც წარმოადგენს ინგლისურენოვან დოკუმენტაციას. ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, ამ საქმის მასალების დიდი ნაწილი საძიებო სისტემა “გუგლის” მეშვეობითაა მოპოვებული, გარდა ამისა, სამართალწარმოების ენა არ ითვალისწინებს სხვა ენაზე, გარდა ქართულისა, საქმის განხილვას.

 

პროკურორმა “ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რას მოიცავს რამდენიმე ტომი ინგლისურენოვანი დოკუმენტაცია, განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ საქმის განხილვისას გახდება ცნობილი. 

 

წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე 8 აგვისტომდე გაგრძელდება. მოსამართლე სწორედ ამ დღეს გამოიტანს გადაწყვეტილებას მტკიცებულებების დასაშვებობაზე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *