“გაცნობებეთ, რომ სისხლის სამართლის საქმე – სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს “მექანიზატორის“ რიგი თანამდებობის პირების მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე- 2013 წლის 31 ივლისს განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა, აღარ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე, შესაბამისად, ამოწურულია ბრალდებულთა პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის, გირაოთი შეცვლის თაობაზე”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.   

 

ამ დრომდე ამ საქმეზე დაკავებული 8 პირიდან პატიმრობაში რჩებოდა მხოლოდ ორი ადამიანი – ვაჟა ნახუცრიშვილი და გივი ფარესაშვილი.

 

თომას ჰამერბერგმა, ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა საქართველოში კანონის, საკონსტიტუციო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, 13 ივლისს წერილით მიმართა მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს, რომელშიც აღნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან ამ საქმეზე დაკავებული ყველა პირი.

 

“როგორც მოგეხსენებათ, წინასწარი პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სხვა გზა არ არსებობს, რომ თავიდან იქნას აცილებული პირის მიერ სასამართლოსადმი მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობა. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს ამ საქმეში მონაწილე პირების წინასწარი პატიმრობის გაგრძელებისთვის. თუკი თქვენ ამ პირების მიმართ დამატებითი შეკითხვები გექნებათ გამოძიებიდან გამომდინარე, ამის შესაძლებლობა გექნებათ მორიგი დაკითხვის დროს, რაც არ მოითხოვს მათ პატიმრობაში ყოფნას,” – აღნიშნული ჰამერბერგის წერილში.

 

იგი მიუთითებს, რომ ამ საქმეზე არსებობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ექსპერტების, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადება, რომლებსაც სრულად იზიარებს. წერილში ჰამერბერგი ასევე აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე არსებობს კითხვები საზღვარგარეთ:

 

“სწორედ ამიტომ შევისწავლე ეს საქმე ასე სიღრმისეულად. მე ინფორმაცია მივაწოდე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ჩემი შეშფოთების თაობაზე, ასევე, გავაცანი ჩემი მოსაზრება, რომ ეს პირები, რომლებიც არიან წინასწარ პატიმრობაში, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ,” – ნათქვამია ჰამერბერგის წერილში.

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა ამ საკითხებზე მოეპოვებინა პროკურატურის განმარტებები, ჩვენ წერილობით გავუგზავნეთ უწყების პრესსამსახურს შეკითხვები, რაზეც პასუხები ვერ მივიღეთ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *