“დღეს ამ განაჩენით დადასტურდა ერთი მარტივი რამ, რომ სასამართლო პროკურორებისგან სრულიად თავისუფალია, რაც შეეხება დანარჩენს, პროცესი ჯერ არ დასრულებულა. თქვენ იცით, რომ სასამართლოში არსებობენ პირველ ინსტანციაზე ზემდგომი მოსამართლეები, რომლებიც იმიტომ არიან ზემდგომი მოსამართლეები, რომ უფრო მეტი კომპეტენცია აქვთ და უფრო მეტი გამოცდილებაც აქვთ, წესით. პროკურატურა გააორმაგებს თავის ძალისხმევას. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, საქმის მასალებში არის გამოძიებით მოპოვებული არაერთი მტკიცებულება ბრალის შესახებ. პროკურატურა გაორმაგებული ძალისხმევით მეორე ინსტანციაში კიდევ უფრო მეტი შემართებით და სერიოზულობით დაუჭერს ბრალდებას მხარს. ამას დაემატება ისიც, რომ, სავარუდოდ, სააპელაციო მოსამართლე გაცილებით უფრო კომპეტენტურია, ვიდრე პირველი ინსტანციის. ვიმეორებ, პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ის უარყოფითი რეაქცია, რაც საზოაგდეობას და შეიძლება, მათ შორის მეც მქონდეს, გაუგებრობის განცდა განაჩენისადმი, ამას ნუ ავყვებით, იმიტომ, რომ პროცესი გრძელდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ გიგი კალანდაძე დააკავეს თავდაცვის სამინისტროში გასული წლის 7 ნოემბერს, ღამით. წულუკიანმა მაშინ განაცხადა, რომ პირადად წაუყენა ბრალი კალანდაძეს: 

 

“კალანდაძემ მოახერხა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი ჯარისკაცების შეურაცხყოფა, მან სცემა ისინი  და ჩამოახია სამხრეები, რითაც შეურაცხყო ჯარისკაცების ღირსება, ჩვენ  კალანდაძის მსგავსი ადამიანების სამინისტროში საქმიანობით მივდივართ უფსკრულში, ეს ადამიანი ჩამოსაშორებელი იყო სამხედრო საქმეს, სამწუხაროა, რომ ის 15 წლის ასაკიდან იყო სამხედრო მოსამსახურე, მაგრამ, როგორც ჩანს, გენერლის ჩინის პირობებში რას ნიშნავს ჯარისკაცის ღირსება,” – აცხადებდა მაშინ თეა წულუკიანი.

 

გიორგი კალანდაძეს ბრალი ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდის ჩადენაში ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი სიცოცხლისათვის, ან ჯანმრთლეობისათვის საშიში ძალადობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მისი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *