მას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები და მეგობრები ელოდნენ.
“დიდი მადლობა მინდა მოვახსენო პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იმ მხარდაჭერისთვის, რაც გამოიჩინა ჩემ მიმართ. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა აქ მობრძანებულ ჩემს მეგობრებს, ნაციონალური მოძრაობას, იმ ბიჭებს, ვინც მხარს მიჭერდა და იმ ადამიანებს, ვინც გვერდში მედგა. ერთი რამ მინდა კიდევ აღვნიშნო, აქ რჩებიან ჩემი მეგობრები, ხალხი, რომელიც თავისი მოღვაწეობის პერიოდში აკეთებდნენ იმ საქმეს, რომელიც იყო ქვეყნის წარმატება და ამაში ძალიან დიდი შრომა ჩადეს. ახლო მომავალში, ვფიქრობ, ისინიც გარეთ იქნებიან,”- ამბობს გუნავა.
მისივე თქმით, ის პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობს.
“მე, ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც სჭირდებოდა ჩემს ქვეყანას და მომავალშიც გავაგრძელებ ამას,”- განაცხადა გუნავამ.
დღეს, 30 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა თენგიზ გუნავა შეიწყალა და ნასამართლეობა მოუხსნა.
თენგიზ გუნავას შეწყალების შესახებ სამართლებრივი აქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გამოაქვეყნა.
თენგიზ გუნავა პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მას ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტების, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის, ასევე ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის დარღვევა ედებოდა.
