მოქალაქეთა ნაწილმა დღეს, 30 ივლისს, დილით შეიტყო, რომ კუს ტბაზე, “ციყვების ტერიტორიაზე” რესტორნის მშენებლობისთვის ნერგებს იღებენ. შესაბამისად, დაახლოებით 30 ადამიანი მივიდა აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად. მათ საკუთარი ავტომობილებით ის შესასვლელი გადაკეტეს, საიდანაც ამოღებული ნერგებით დატვირთული მანქანა უნდა გამოსულიყო.
მალევე რესტორნის მშენებარე კომპანიის, შპს კოლორიტის წარმომადგენელმა მოქალაქეების შესაჩერებლად პატრული გამოიძახა.
ადგილზე მივიდა მთაწმინდის ყოფილი მაჟორიტარის არჩილ გეგენავას კუთვნილი კომპანიის “ემ ჯგუფის” მარკეტინგის მენეჯერი, თორნიკე გაგუა, რომელმაც თქვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე “ოჯახური ტიპის რეკრეაციული რესტორანი” შენდება და მისი მშენებლობისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი არსებობს.
