“ძველი კადრებიდან დავიტოვებ ქეთევან ნატრიაშვილს და დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავაწინაურებ, რომელიც გახდება მოადგილე, მე ვფიქრობ, რომ დანარჩენი მოადგილეები ამ ეტაპზე ჩემს გუნდში არ დარჩებიან”, – განაცხადა სანიკიძემ.
ამის შემდეგ ივანიშვილმა სანიკიძეს უთხრა, რომ მას “პოლიტიკური დავალება” ჰქონდა საკადრო საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მან განაცხადა, რომ მინისტრს მისცემს თავისუფალი გადაწყვეტილების საშუალებას:
“მე კიდევ რაღაც პოლიტიკური დავალება მქონდა, მაგრამ მენეჯერს არასდროს თავს არ ვახვევ მე ჩემს დანიშვნებს… როგორც ჩანს, არ გაქვთ თქვენ სურვილი, რომ არც ერთი ძველი კანდიდატურა განვიხილოთ. მე აბსოლუტურად მოგცემთ ამის საშუალებას, მე მქონდა რაღაც პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ თავს შევიკავებდი, რახან ასეთი პოზიცია გაქვთ თქვენ”, – განაცხადა ივანიშვილმა და იქვე შეაფასა თამარ სანიკიძე, როგორც კიდევ ერთი “კერკეტი კაკალი” მთავრობაში.
თამარ სანიკიძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს:
“მე ვფქრობ, რომ იქ ისეთი რაოდენობის საქმეა დაგროვილი და ისეთი სპეციფიკის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები გასაგებია, მაგრამ მარტო, პროფესიონალების გარეშე, ალბათ, თავს ვერ გავართმევ”, – განაცხადა სანიკიძემ.
მოგვიანებით, ივანიშვილმა განმარტა, რომ დავით ზურაბიშვილთან დაკავშირებით მას თხოვნით მიმართეს “რესპუბლიკელებმა” და ის თანახმა იყო, რომ დავით ზურაბიშვილს ისევ დაეკავებინა მინისტრის მოადგილის პოსტი, რაზეც არ დათანხმდა განათლების მინისტრი.
რაც შეეხება ალუდა გოგლიჩიძეს, განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობდა.
