“გულიკო ზუმბაძე არის ძალიან კვალიფიციური წევრი საკრებულოსი, ძალიან ცოტა მუშაობს საკრებულოში ისე კარგად, როგორც გულიკო ზუმბაძე, ეს ყველამ იცის. მთავარი და არსებითი არის ის, რომ კოალიციას ჰყავს ძალიან კვალიფიციური წარმომადგენლები თბილისის საკრებულოში, ორივე მოადგილე თავმჯდომარის – გიორგი ტყემალაძეც და ჯაბა სამუშიაც კოალიციის ფრაქციებში არიან. რომელიმე მათგანი რომ ყოფილიყო საკრებულოს თავმჯდომარედ წარდგენილი, ეს იქნებოდა უკეთესი, ეს გულიკო ზუმბაძის აზრია და მე მას ვეთანხმები, მაგრამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო სხვა ხალხმა, იმ მიზეზის გამო, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსული ადამიანების რაოდენობა თბილისის საკრებულოში აღემატება ძველი ოპოზიციის “ქართული ოცნების” კოალიციის წევრთა რაოდენობას. მათი ხმები უფრო წონადად ჩაითვალა”, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გულიკო ზუმბაძის განცხადებით, ირაკლი შიხიაშვილი არის თავსმოხვეული კანდიდატი, რომელსაც ლობირებს შსს, რაზეც საკრებულოს წევრმა კახა კუკავამ მოუწოდა “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ღიად დააფიქსიროს თავისი პოზიცია, თუ არ მოსწონს საკრებულოში მიმდინარე პროცესები და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
კუკავას ეს განცხადება უპასუხოდ დატოვა “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.
