ივანიაძის განცხადებით, როდესაც ჩვენების მიღების მიზნით, მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, პროკურორი გიორგი დავითაშვილი მას ეუბნებოდა, თუ რა სახის ჩვენება უნდა მიეცა, რასაც ივანიაძე იმეორებდა. ივანიაძის თქმით, პროკურატურის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ვიდეომასალა იყო ზეწოლის მთლიანი პროცესის შემადგენელი ერთ-ერთი ეპიზოდი. იგი ამბობს, რომ ციხეში მასთან პროკურორი დაახლოებით 4-5-ჯერ შევიდა და აქედან 2-ჯერ ღამის საათებში:

 

“ფაქტია, რომ ვიდეოგადაღება მოხდა ფარულად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როგორც ჩანს, კამერა თავად გიორგი დავითაშვილს ჰქონდა დამონტაჟებული. შესაბამისად, გასარკვევია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჰქონდა თუ არა გამოძიებას სასამართლოს ნებართვა ფარული ჩანაწერის განხორციელებაზე? სასამართლოს ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, იმ პირთა ქმედებებში, ვინც ფარული ჩანაწერის გაკეთება დაგეგმა ან განახორციელა, დანაშაულის ნიშნები იკვეთება,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

 

ამას გარდა, საიაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, საიას იურისტი მაია ხუციშვილი და თავად მამუკა ივანიაძე მონაწილეობდნენ, აღინიშნა, რომ პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია.

 

ივანიაძის თქმით, მას შემდეგ (2013 წლის 11 ივლისი), რაც ივანიაძემ პრესკონფერენცია გამართა საია-ში, სადაც მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე პირველად ისაუბრა ხმამაღლა, როგორც თავად ამბობს, სისტემატიურად უთვალთვალებენ სხვადასხვა პირები მის სახლს:

 

“ქალაქში გადაადგილების შემთხვევაში მას დაჰყვებიან ავტომანქანებით და უთვალთვალებენ. 18 ივლისს, პროკურატურაში დაკითხვაზე წასვლისას, მის ავტომანქანას უცხო პირები აედევნენ და პროკურატურამდე მიყვნენ. ამის თვითმხილველი საიას ადვოკატი მაია ხუციშვილი გახდა, რომელიც ივანიაძესთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა,” – აცხადებენ საიაში.

 

ორგანიზაციის ცნობით, თვალთვალის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირდა 18 ივლისს ივანიაძის დაკითხვის ოქმში, მიეთითა ავტომანქანების ნომრები და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნები. ასევე, ოქმში მიეთითა, რომ არსებობდა თვალთვალის დამადასტურებელი ვიდეომასალა, რაც გამოძიებას დაინტერესების შემთხვევაში მიეწოდებოდა, თუმცა გამოძიება ამ ინფორმაციით არ დაინტერესებულა.

 

შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილე მამუკა ივანიაძე 2013 წლის 1 მაისს “ტრაქტორების საქმეზე” დააკავეს და 2 ივლისს 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 11 ივლისს მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მან გამოძიებას ჩვენება სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მისცა. ამის შემდეგ ივანიაძეზე ზეწოლის ფაქტის გამოძიება დაიწყო პროკურატურამ. მთავარ პროკურატურაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გამოძიების შედეგად გამოირიცხა ივანიაძეზე ზეწოლის ფაქტი. პროკურატურა დამატებით ზომებს მიიღებს, თუკი ივანიაძის მხრიდან ცრუ დასმენის ფაქტს დაადგენს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *