ადვოკატების განცხადებით, პროკურატურამ ვერ დაასაბუთა კარალიძისა და ცეცხლაძის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა, დაცვის მხარე კი მათი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. საბოლოოდ, მოსამართლემ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო განსაზღვრა. ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებას გირაოს თანხის სრულად გადახდის შემდეგ შეძლებენ.
რამაზ კარალიძე და ავთანდილ ცეცხლაძე შსს–მ რამდენიმე დღის წინ დააკავა.
შსს–ს ცნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – რევაზ კარალიძემ, რომელიც, ამავდროულად, იყო „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე“, მისივე თანამზრახველთან წინასწარი შეთანხმებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ე.წ. ეკო პლიაჟის, ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარე 6000 კვ/მ ფართობის მიწის მასივის გასხვისებისა და შეღავათიანი საინვესტიციო პირობის დაწესებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა 120 000 ლარი. მოლაპარაკების პროცესში კარალიძემ და მისმა თანამზრახველმა ავთანდილ ცეცხლაძემ მიწის შესყიდვით დაინტერესებულ პირს აღნიშნული თანხიდან ავანსის სახით წინასწარ გამოართვეს 30 000 ლარი, რა დროსაც ორივე მათგანი ქრთამის აღების ფაქტზე სამართალდამცველებმა დააკავეს.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.
დაკავებულები ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
