მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დავით ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეუფარდა გირაოთი, რომლის
ოდენობა 15 000 ლარია. ჩუბინიძემ ეს თანხა 20 დღის ვადაში უნდა დაფაროს.
აღნიშნული საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში უკვე დასასრულს მიუახლოვდა, დასრულებულია მომწეების დაკითხვა, განაჩენი კი ორ–სამ კვირაში გახდება ცნობილი. დაცვის მხარის განცხადებით, რადგან არ არსებობს ჩუბინიძის მხრიდან მოწმეებზე ზემოქედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ის არ უნდა დარჩენილიყო პატიმრობაში.
საწინააღმდეგოს ამტკიცებდა პროკურორი შაქრო ზაალიშვილი. მისი განცხადებით, ჩუბინიძე 1990–იან წლებში ნასამართლევია მკვლელობისთვის და 2008 წელს შეიწყალა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რის შემდეგაც მოეხსნა ნასამართლეობა. გარდა ამისა, მას გავლილი აქვს სხვადასხვა სამხედრო პროგრამები და თავისუფლად შეუძლია დატოვოს საქართველო არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების გავლით, ამის მოტივაციას კი მას უმაღლებს სასამართლოს მოახლოებული განაჩენი, რომელიც დიდი ალბათობით შესაძლოა გამამტყუნებელი იყოს. გარდა ამისა, პროკურორისვე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მან შური იძიოს იმ მოწმეებზე, რომლებმაც მის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.
საბოლოოდ, მოსამართლე მგელიაშვილმა განაცხადა, რომ ჩუბინიძის მხრიდან არ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რადგან ისინი სასამართლოზე უკვე დაკითხული არიან, ასევე, მისი ნასამართლეობა გაქარწყლებულია და სამართლებრივად ის არ ითვლება ნასამართლევად, რის გამოც ის დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბაჩო ახალაიასთან ერთად სპეცრაზმელთა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში 7 პირია ბრალდებული, რომელთა უმრავლესობას გირაო აქვს შეფართებული, ახალაიას კი – პატიმრობა. ბაჩო ახალაიას ბრალად წამების ორგანიზება ედება.
