შსს–ს ცნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – რევაზ კარალიძემ,

რომელიც, ამავდროულად, იყო „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე“, მისივე თანამზრახველთან წინასწარი შეთანხმებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ე.წ. ეკო პლიაჟის, ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარე 6000 კვ/მ ფართობის მიწის მასივის გასხვისებისა და შეღავათიანი საინვესტიციო პირობის დაწესებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა 120 000 ლარი. მოლაპარაკების პროცესში კარალიძემ და მისმა თანამზრახველმა მიწის შესყიდვით დაინტერესებულ პირს აღნიშნული თანხიდან ავანსის სახით წინასწარ გამოართვეს 30 000 ლარი, რა დროსაც ორივე მათგანი ქრთამის აღების ფაქტზე სამართალდამცველებმა დააკავეს.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუსახელებია იმ პიროვნების ვინაობა, ვინც კარალიძესთან ერთად არის დაკავებული, ასევე, იმ დაინტერესებული პირის სახელი, ვისაც ქრთამი მოსთხოვეს.
კარალიძის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
“მას წარედგინა ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათავლისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც არის ქრთამის აღება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მას ქრთამი არ აუღია. ჩვენ საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, მაგრამ ეს არის პოლიტიკური მოტივით დაკავება, რისი მიზანიც საკრებულოს თავმჯდომარის უფრო მარტივი გზით მოშორებაა” – განაცხადა მოდულის შენობის დატოვების შემდეგ გოგიტა გაბაიძემ.
