ვაზის სანერგე მეურნეობა NEO-ს საგრანტო პროგრამის საშუალებით დაფინანსდა და აწარმოებს მუჯურეთული, უსახელაური, ცოლიკოური და ალექსანდროული ვაზის ძირებს, რომელიც მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გვხვდება.

 

2012 წლის დეკემბერში NEO-მ გასცა 57 000 ლარის ოდენობის გრანტი, რათა 1.2 ჰექტარის ფართობზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში, შექმნილიყო ვაზის სანერგე მეურნეობა, რომლის მიზანია ვაზის ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაცია და შენარჩუნება.

 

სანერგე მეურნეობა აწარმოებს ვაზის ნამყენ საძირეებს დამყნობის/სტრატიფიკაციის თანამედროვე წარმოების ხერხების  და საძირეთა და სანამყენეთა სადედეების გაშენების გამოყენებით. მწვანედ მყნობის ტექნოლოგიის დანერგვის შედეგად, ვაზის საძირეები ხელმისაწვდომია რეალიზაციისა და გადარგვისათვის დამყნობის შემდგომ ორი-სამი თვის განმავლობაში. სანერგე მეურნეობამ ასევე შექმნა 19 ახალი სამუშაო ადგილი თემის მაცხოვრებლების მეურნეობაში დასაქმების გზით. 

 

USAID-ის წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს მეფუტკრეობის დარგში პროფესიული განათლების კურსდამთავრებულები ტვიშის თემიდან, რომლებმაც NEO-ს მიერ განხორციელებული მეფუტკრეობის განვითარებაზე მიმართული ინიციატივების მეშვეობით საკუთარი საფუტკრე მეურნეობები გააფართოვეს.

 

ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის პროექტს USAID-ის მეშვეობით აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა. პროექტი  შემუშავებულია საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და თემების მოსახლეობის დახმარების მიზნით, რათა შესაძლებელი  გახდეს ჩართვა ეკონომიკური ბაზრების საქმიანობებში, ინვესტიციების მოზიდვა და  ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრა და განხორციელება, რომელთაც ექნებათ პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი. 

 

პროექტი სარგებელს მოუტანს სოფლად მცხოვრებ და სოციალურად დაუცველ 70 000-ზე მეტ ოჯახს 10  მუნიციპალიტეტში: დუშეთი, ყაზბეგი, ქარელი, გორი, ხაშური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, ზუგდიდი და წალენჯიხა. 

 

დღესვე ცაგერის მუნიციპალიტეტის თემებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უფასოდ გადაეცათ 3 000 ნამყენი ვაზის საძირე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *