საგარეო საქმეთა მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით NDI-სა და IRI-ის ოფიციალური მოსაწვევი გადასცა.
„NDI და IRI საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტებია და მოგეხსენებათ, არჩევნების პერიოდში ისინი განსაკუთრებით აქტუალურები ხდებიან. ჩვენი შეხვედრის დროს სწორედ ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი. მე ორივე ორგანიზაციის ხელმძღვანელს გადავეცი მოსაწვევი საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციით დააკვირდებიან არჩევნებს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოდან ვიმყოფებით დიდი დელეგაცია სწორედ იმისთვის, რომ შევხვდეთ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს. ვესაუბროთ მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ცხრა თვეა, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში და ამ ცხრა თვის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა, რაზეც საჭიროა ჩვენი პარტნიორების ინფორმირება“- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ შეხვედის დასასრულს.
IRI-ის პრეზიდენტის ლორნი ქრანერის განცხადებით, IRI-ისთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ორგანიზაციის სურვილია კვლავაც დაეხმაროს საქართველოს.
„ ჩვენ გვქონდა ძალიან ხანგრძლივი და ნაყოფიერი საუბარი ყველა იმ ცვლილებებსა და პროგრესზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. ასევე ვისაუბრეთ იმ მოლოდინებზე, რაც საგარეო ურთიერთობათა კონტექსტში საქართველოს ახალ ხელსიუფლებას გააჩნია. ალბათ ყველამ იცის, რომ ჩვენი ორგანიზაცია IRI საქართველოს დიდი მეგობარია და გამოვხატავთ სურვილს, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას“- განაცხადა ლორნი ქრანერმა.
მისივე განცხადებით, ორგანიზაციას დღეს ოფიციალურად გადაეცა მოსაწვევი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად.
NDI-ისა და IRI-იში გამართულ შეხვედრებს დელეგაციის წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის წევრები- თინა ხიდაშელი, თედო ჯაფარიძე, ირაკლი ჩიქოვანი და დავით ონოფრიშვილი, ასევე, შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე ესწრებოდნენ.
ამერიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 16 ივლისს დაიწყო და რამენიმე დღეს გასტანს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ ამერიკის კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში, ასევე, ადგილობრივი მედიისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.

