სწავლების დასახელებაა „ქვედანაყოფი კონტაქტში“, რა დროსაც ქვეითები ოპერაციის შესრულებისას ახლო საჰაერო მხარდაჭერას იყენებენ. სამხედრო სწავლებას დღეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.
“ეს ჩვენი მხარდამჭერების, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად განხორციელებული წვრთნებია, ეს გახდება რუტინული, იმიტომ, რომ ეს თვისებები, ეს გამოცდილება იქნება გადამწყვეტი რეალურ საბრძოლო მოქმედებებში ჩვენი ჯარის წარმატებისთვის” .–განაცხადა თავდაცის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწავლებაში მონაწილე მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოში მომზადების შემდეგ გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ავღანეთში ISAF-ის მისიისთვის სრული მზადყოფნისთვის დამატებით მომზადებას ერთი თვის მანძილზე გაივლიან.
