კომპანია  „ფა+1“ –ის ხელმძღვანელი ნაზი ალასანია, რომელსაც „საგზაო ბიტუმი“ ირანიდან შემოაქვს, ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანებამ ამ პროდუქტის ლაბორატორიული ექსპერტიზა სავალდებულო გახადა. საქართველიოში კი „ნავთობის ბიტუმის“  ხარისხის შემოწმების სერთიფიკატს მხოლოდ  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ფლობს.   

 

ფინანსთა მინისტრის ახალი №188 ბრძანებით,  “საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებში ცვლილებები შევიდა. ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სავალდებულო ხდება იმპორტირებული ნავთობის ბიტუმის განბაჟების დროს მისი ლაბორატორიული კვლევა.

 

 

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრძანება ბაზარაზე ხარისხიანი ბიტუმის იმპორტს უზრუნველყოფს.

 

„ყველა იმპორტიორს გვაქვს დროის პრობლემა. მხოლოდ სამხარაულის ლაბორატორიის დასკვნას აქვს ძალა. სამ დღეში დაგვინიშნეს ექსპერტიზა და ხუთ კალენდარულ დღეს ითხოვენ იმისთვის, რომ პასუხი მოგვცენ. ვერც ერთი ბიზნესმენი ამას ვერ გაუძლებს, იმდენ ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს პროცედურები“ – ამბობს  კომპანია  „ფა+1“ –ის ხელმძღვანელი ნაზი ალასანია.

 

„ნავთობის ბიტუმის“ იმპორტიორი ამბობს, რომ  ამ პროდუქტზე ლაბორატორიული შემოწმება დროულია, რადგან ქვეყანაში უხარისხო „ბიტუმის“ იმპორტირება აღარ მოხდება, მაგრამ ხელისუფლებას ჯერ ლაბორატორიები უნდა შეექმნა, რაც იმპორტიორებს ალტერნატიული არჩევანის საშუალებას მისცემდა და დროს და ფინანსებს დაზოგავდნენ. 

 

„60 მანქანაზე მეტი გვაქვს გაჩერებული და არც ერთი არ მაქვს განბაჟებული. საბაჟოზე დასაწყობების ხარჯი საკმაოდ მაღალია. ამას ემატება ლაბორატორიის ხარჯი, გადაადგილების, დისტრიბუციის, რაც, საბოლოო ჯამში, პროდუქტს აძვირებს. „ნავთობის ბიტუმი“ ასფალტის საფარის დასაგებად გამოიყენება. მაღალი ფასი რეალიზაციას შეგვიმცირებს. „ნავთობის ბიტუმის“ ერთ-ერთი დიდი მომწოდებელია ირანის ისლამური რესპუბლიკა, საიდანაც ძირითადში პროდუქციის ტრანსპორტირება ხდება საავტომობილო- სატვირთო ცისტერნებით. საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, 48 საათის შემდეგ ყოველ დღეზე დაწესებულია მოცდენის თანხა დაახლოებით 120 დოლარის ოდენობით თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე“ –ამბობს ნაზი ალასანია. 

 

„ნავთობის ბიტუმის“ იმპორტიორთა პრობლემების დარეგულირებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ცდილობს.

 

იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამბობს,რომ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის” ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით არ არის აკრედიტირებული არც ერთი საგამოცდო ლაბორატორია, რომელიც შეძლებს ნავთობის ბიტუმზე გამოცდის ჩატარებას. რჩება მხოლოდ ერთი – “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, რომელსაც საქარველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ნავთობის ბიტუმზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარების უფლება.

 

„ნავთობის ბიტუმის ლაბორატორიული კვლევა ხორციელდება 30 დღის განმავლობაში, ხოლო დაჩქარებული წესით –  5 სამუშაო დღის ვადაში. თუმცა ხშირი იქნება შემთხვევები, როდესაც მოხვდება არასამუშაო დღეები (შაბათი, კვირა, სადღესასწაულო დღეები), რის გამოც მეწარმეს მოუწევს ლაბორატიული დასკვნის ლოდინი უფრო მეტხანს. ამის გამო შესაძლებელია დაირღვეს ასფალტის მწარმოებლისათვის პროდუქციის მისაწოდებელი გრაფიკიც. ასევე, თავის მხრივ, შესაძლოა მეწარმეს სხვა ფინანსური პრობლემებიც, თუნდაც მძღოლის დაბინავების და კვების ხარჯები, წარმოეშვას.“

 

 ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” „ნავთობის ბიტუმის“ ექსპერტიზის ვადების შემცირებას სთხოვს.

 

ექსპერტიზის ბიუროს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, „ნავთობის ბიტუმის“ ექსპერტიზისთვის საჭირო აპარატურა 2013 წლის 4 ივლისს შეიძინეს. ბიურომ ლაბორატორიის მოწყობაზე დაახლოებით 2 მილიონი ლარი დახარჯა. 30 სამუშაო დღეში ექსპერტიზის განხორციელება 330 ლარი ღირს, 5 სამუშაო დღეში კი- 660 ლარი.

 

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი ხიზანიშვილი ამბობს, რომ  ექსპერტიზის ვადებს ბიუროს უფროსის ბრძანება არეგულირებს: „ჩვენთან 5 სამუშაო დღეა დაჩქარებული ექსპერტიზისათვის ეს არის მაქსიმალური ვადა. თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ ნავთობის ბიტუმის იმპორტიორთა პრობლემებს. მაქსიმალურად ვართ მობილიზებული. ხუთი დღე არც ერთი ექსპერტიზა არ გაგრძელებულა. რამდენიც დაინიშნა იმდენი დასრულ 3 სამუშაო დღეში.“

 

გიორგი ხიზანიშვილი ამბობს, რომ განსაზღვრული ვადის ათვლა მხოლოდ ექსპერტიზის ბიუროზე არ არის დამოკიდებული: „ნიმუშის აღება გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. მანქანები იმყოფება საბაჟო ტერმინალებში და რამდენად სწრაფად მოახერხებენ თვითონ იმპორტიორები ექსპერტის ადგილზე მიყვანას და ნიმუშის აღებას, მათი პრეროგატივაა. ლაბორატორიული კვლევა მაქსიმუმ 1–2 დღე გრძელდება. ის ექსპერტიზები  და კვლევები, რაც ბიტუმზე კეთდება, მხოლოდ ჩვენს ლაბორატორიაში არის შესაძლებელი. ჩვენ არანაირად არ ვიყავით მომზადებული რომ ასე უცებ ყველა იმპორტიორს მოთხოვდნენ ექსპერტიზის დასკვნას ეს ბიტუმი ვარგისია თუ არა, რადგან ეს აქამდე არ ხორციელდებოდა.“

 

გიორგი ხიზანიშვილი ამბობს, რომ  ბიუროს რეგიონალური სამსახურები აქვს ქუთაისსა და ბათუმში:“როცა დასავლეთ საქართველოში მოხდება ბიტუმის შეტანა, ადგილობრივ თანამშრომლებს ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგი, ისინი ახდენენ ნიმუშის აღებას და ძლიან სწრაფად გადმოგზავნას ბიურიში.“

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2013 წლის ივნისში ირანიდან ქვეყანაში 5 754 527,5 ტონა ნავთობის ბიტუმი შემოვიდა. ეს პროდუქტი ქვეყანაში 8 იმპორტიორს შემოაქვს. 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *