რჩეულიშვილის თქმით, უგულავას მონაწილეობა “დექსუსის” მართვაში დოკუმენტურად არ დასტურდება, თუმცა კომპანიაში მისი ჩარევის გარეშე არაფერი წყდებოდა:
“რეალურად გიგი უგულავა მართავდა “დექსუსს” და არაფორმალურად მას ეკუთვნის, ამას არასოდეს მალავდნენ. ყველა შეხვედრაზე, როცა მე შევდიოდი და გვქონდა საუბარი, ამბობდნენ, გიგი უგულავას უნდა შევუთანხმოთ ეს პროექტიო. მეც არაერთხელ ვყოფილვარ უგულავასთან დახმარების სათხოვნელად. 2010 წლიდან დაწყებული, როცა შემოვიდნენ, 2011 წელსაც, ხელოვნურად აკოტრებდნენ ჩვენს კომპანიას და ერთმანეთს აბრალებდნენ მიზეზებს”, – აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.
კომპანია “დექსუსში” აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ:
“რა თქმა უნდა, აბსურდული განცხადებებია. ის, რომ გიგი უგულავა მართავდა დექსუსს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს”, – აცხადებენ კომპანიაში.
რჩეულიშვილის განცხადებას არ გამოხმაურებია თბილისის მერი. მერიაში აცხადებენ, რომ გიგი უგულავა თბილისში არ იმყოფება და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.
