“ეკონომიკის 0%-მდე დაცემის მიზეზია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა: მოხდა სახელმწიფოს როლის გაფართოება და კერძო სექტორის ჩანაცვლება. ეკონომიკის ვარდნა გარდაუვალია, როცა ინვესტორების ნაცვლად საქმის კეთებას საკუთარ თავზე იღებს სახელმწიფო,“ – აცხადებს პაატა შეშელიძე.

 

მაგალითად, სახელმწიფომ აამოქმედა ჯანმრთელობის დაზღვევის საყოველთაო პროგრამა, ასევე, ამუშავდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა სახელმწიფო ფონდის თანადაფინანსებით და ა.შ.

 

ეკონომიკის ზრდის ვარდნას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე:

 

“გარდამავალი პერიოდი, ორხელისუფლებიანობა საუკეთესო პერიოდი არ არის ბიზნესის განვითარებისთვის.”

 

საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის კლების პარალელურად ბრუნვა შეუმცირდა დღგ–ის გადამხდელ ბიზნესსაც: 2013 წლის მაისში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელმა მინუს 6,2% შეადგინა. 

 

ასეთ კლებას სოსო არჩვაძე მსხვილ ბიზნესთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს უკავშირებს, რომელიც მთავრობის პოლიტიკამ – ე.წ. სამართლიანობის აღდგენამ გამოიწვია:

 

“სამართლიანობის აღდგენა გარკვეულწილად უკავშირდება ადრე ჩემორთმეული ქონების კანონიერი პრეტენზიის მქონე მფლობელებთან დაბრუნებას. ამასთან, ბოლო წლებში მსხვილი ბიზნესი დაკავშირებული იყო ხელისუფლებასთან და მისი შეცვლის შემდეგ ამანაც გამოიწვია მსხვილი ბიზნესის შეფერხება და აქტივობის შემცირება”.

 

ეკონომიკური ვარდნის პარალელურად, დაბალია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წლის I კვარტალში 226 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და ეს მონაცემი 43 მილიონით ჩამოუვარდება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2012 წლის ბოლოს, 2013 წელს ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას პროგნოზირებდა, თუმცა დღეს ნოდარ ხადური აცხადებს, რომ  თითქმის ყოველდღე ხვდება პოტენციურ ინვესტორებს, „მაგრამ, სამწუხაროდ, ინვესტიციებს შედეგი ერთ დღეში არ მოაქვს”.

 

ხადური უკვე ღიად აღიარებს, რომ ეკონომიკა 6%-ით, როგორც ეს დაგეგმილი იყო, აღარ გაიზრდება. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს მაჩვენებელი 4-4.5%-მდე შემცირდება.

 

პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი ვახტანგ ლეჟავა ამბობს, რომ ამის გამო მთავრობას 2013 წლის ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს:

 

„უფრო პატარა ეკონომიკიდან მეტ შემოსავლებს ვერ ამოიღებ და, შესაბამისად, ბიუჯეტში დეფიციტი გაიზრდება. ამ შემთხვევაში ორი გზა არის: ან ფული უნდა ისესხოს მთავრობამ, ან სეკვესტრი უნდა განახორციელოს, ან სულაც ეს ორი კომბინაცია ერთად გააკეთოს“.

 

„ბიუჯეტის დაბალანსების ერთ–ერთი საშუალება არის ხარჯების შემცირება ან საგარეო ვალის აღება. მთავრობას შეუძლია თქვას, რომ ბიუჯეტი შესრულდება, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს არა ეკონომიკური ზრდის, არამედ საგარეო ვალის ხარჯზე. ეს არის პრინციპული საკითხი. თუ ავიღებთ საგარეო ვალს, ის მშპ–სთან მიმართებაში კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდება,“ – ამბობს „ილიაუნი ბიზნესრევიუს“ მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი.

 

„2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა ხარჯი გაიწევა და მისი შემცირების აუცილებლობა არ იქნება,“ – ირწმუნება საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თუმცა არ აკონკრეტებს, აიღებს თუ არა საგარეო ვალს სახელმწიფო.

 

2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 7.422 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 7.255 მლრდ ლარს შეადგენს.

 

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მთავრობა ეკონომიკის ზრდისთვის შემაფერხებელი ფაქტორების მოხსნაზე მუშაობს:

 

„არის ბევრი საკითხი, როგორიც არის დღგ–ს დაბრუნება, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, რომლებიც, სამწუხაროდ, დროზე ვერ ხერხდება. მაგრამ ამას აქვს კონკრეტული მიზეზები, რომელიც მოსახსნელია. უახლოეს დღეებში ვფიქრობთ, რომ დავგეგემავთ ძალიან ქმედით ნაბიჯებს, რათა ყველა ეს შემაფერხებელი ფაქტორი  მოიხსნას”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *