მიღების შემთხვევაში ამ კანონპროექტის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და საქართველოს

ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის კანონმდებლობით დაცული უფლებებით სარგებლობის თანასწორი უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრების ან შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონი თავს მოუყრის საქართველოს სხვადასხვა კანონებში არსებულ ანტიდისკრიმინაციულ ნორმებს და ერთი კანონის ქვეშ გააერთიანებს. ეს კანონპროექტი მიზნად არ ისახავს ახალი უფლებების მინიჭებას ადამიანებისთვის, არამედ დაიცავს იმ უფლებებს, რომელიც კანონით მათ უკვე ისედაც აქვთ.
“მაგალითად, ეს კანონი არ ანიჭებს ქორწინების უფლებას ერთი სქესის ადამიანებს, ეს ამ კანონის საქმე არ არის. მათ ქორწინების უფლება საქართველოში არ აქვთ, ანტიდისკრიმინაციული კანონი კი მხოლოდ იმ უფლებების უფრო დასაცავად იქმნება, რომელიც დღესდღეობით საქართველოში მყოფ ადამიანებს გააჩნიათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. კანონის მოქმეებეის სფერო ვრცელდება შრომით ურთიერთობებზე, სოციალურ დაცვასა და ჯანდვაცაზე, მეცნიერებაზე, არჩევნებზე, კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაზე, მედიაზე, მართლმსაჯულებაზე, სახელმწიფო სერვისებზე და ა.შ.
კანონის მიღების შემთხვევაში საჯარო და კერძო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან აღმოფხვრან დისკრიმინაცია, გააუქმონ დისკრიმინაციული ბრძანებები და სხვა ნორმატიული აქტები.
ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედებას საქართველოში ზედამხედველობას გაუწევს თანასწორობის დაცვის ინსპექტორი – ეს არის ახალი ინსტიტუტი, რომელიც იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუკი პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს დაამტკიცებს.
თანასწორობის დაცვის ინსპექტორს პარლამენტი აირჩევს ხმათა უმრავლესობით. აღნიშნულ პირს უფლებამოსილება ექნება განიხილოს იმ პირთა საჩივრები და განცხადებები, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, ასევე, იმ ორგანიზაციებისა და პირების საჩივრები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია სხვების დისკრიმინაციის შესახებ.
თანასწორობის დაცვის ინსპექტორი ამ თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა. ის უფლებამოსილი იქნება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმოს დისკრიმინაციის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირი. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100–დან 500 ლარამდეა, იურიდიული პირის შემთხვევაში კი, 500–დან 2500–მდე.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებმა, აგრეთვე, საჯარო მომსახურების განმახორციელებელმა პირებმა 2018 ლის 1 იანვრამდე ისე უნდა მოაგვარონ ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პარლამენტმა თანასწორობის დაცვის ინსპექტორი 2014 წლის 1 მარტამდე უნდა აირჩიოს.
არასამთავრობოებთან შეხვედრისას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების მიმართ კანონპროექტთან დაკავშირებით დაისვა კითხვები.
ადამიანის უფლებების სწვალებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე დაინტერესდა, რატომ შეიქმნა ცალკე თანასწორობის დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი და ეს ფუნქციები რატომ არ დაეკისრა ომბუდსმენს.
თეა წულუკიანის განცხადებით, კანონპროექტთა ავტორების მიზანია, რომ ორივე ინსტიტუტმა ერთმანეთს ხელი შეუწყონ და ერთი და იგივე საქმის კეთებაზე რესურსები არ დახარჯონ. გარდა ამისა, თანასწორობის ინსპექტორის ინსტიტუტი იქმნება იმისათვის, რომ შეასრულოს ის ფუნქციები, რაც კონსტიტუციის მიხედვით არ აქვს ომბუდსმენს. მაგალითად, ომბუდსმენს არ შეუძლია მონიტორინგი გაუწიოს შრომით უფლებებს კერძო სექტორში, როცა ამის გაკეთების უფლება ექნება თანასწორობის დაცვის ინსპექტორს. ასევე, ინსპექტორის უფლებები უფრო მასშტაბურია და მას შეუძლია ფიზიკური თუ იურიდიული პირების დაჯარიმება, დისკრიმინაციული ნორმატიული აქტების შეცვლის მოთხოვნა და ა.შ. ინსპექტორის მოთხოვნის შესრულება სავალდებულო იქნება, ხოლო ომბუდსმენის მიმართვები რეკომენდაციული ხასიათისაა.
არასამთავობო ორგანიზციების წარმომადგენელთა ნაწილმა უკმაყოფილება გამოხატა კანონპროექტში არსებული ერთ–ერთი ჩანაწერის მიმართაც, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დასაცავად 2018 წლისთვის ყველა სახელმწიფო დაწესებულებისა და თვითმმართველობის დავალდებულებას, რომ მათ ისე მოაწყონ ინფრასტრუქტურა, შშმ პირებს არ შეეზღუდოთ გადაადგილების უფლება.
იურისტმა თამარ გურჩიანმა განაცხადა, რომ 2018 წლისთვის შშმ პირთა უფლებების დაცვის გადავადება არ არის მისაღები გადაწყვეტილება.
აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მათ შეეძლოთ ეს თარიღი გადმოეწიათ, თუმცა, ეს არ იქნებოდა რეალისტური და აღმოჩნდებოდა ტყუილი, რადგან ინფრასტრუქტურის მთლიანად შეცვლას დრო და ფული სჭირდება და ეს 1–2 წელიწადში ვერ მოგვარდება.
შეხვედრის მონაწილეებს კანონპროექტის არაერთ მუხლთან დაკავშირებით ჰქონდათ შენიშვნები. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის მზადაა შემდეგი ორი კვირის განმავლობაში კანონპროექტის თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორისგან მიიღოს დასაბუთებული, არგუმენტირებული მოსაზრებები და შეცვალოს კანონპროექტი. მინისტრის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საზოგადოების ყველა ფენის, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლებთან კონსესუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. დღეს, 8 ივლისს წარმოდგენილი დოკუმენტი კი მხოლოდ კანონპროექტის პირველადი, სამუშაო ვერსიაა, რომელშიც არაერთი ცვლილება შევა.
წულუკიანისვე განცხადებით, კანონპროექტის დახვეწაში მონაწილეობას მიიღებს თომას ჰამერბერგი, კანონპროექტი ექსპერტიზისთვის გაეგზავნება ევროსაბჭოს შესაბამის კომიტეტს და მხოლოდ ამის შემდეგ, 2013 წლის შემოდგომაზე წარედგინება პარლამენტს.
