“გუშინ ჩამოიყვანეს რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული საქართველოს დანაწევრებისთვის 2008 წელს, ე.წ. დამოუკიდებლობისთვის ჩვენი რეგიონების – აფხაზეთის და ცხინვალის. ეს კაცი, ამის დამატებით, არის აქტიურად დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან, და პრაქტიკულად არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე,” – განაცხადა მიხეილ სააკავშვილმა სერგეი გავრილოვის შესახებ, რომელიც გუშინ საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო კლუბებს შორის ამხანაგურ მატჩს დაესწრო თბილისში, “დინამოს” სტადიონზე.
პრეზიდენტის განცხადებით, ის მიესალმება კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობას რუსეთთან, მაგრამ, მისი თქმით, ერთია, როცა ქვეყანაში უშვებ ტურისტს, სპორტსმენს და მეორეა, როცა უშვებ საქართველოს მტერს:
“და მე მინდა ვთქვა, რომ ყველა დუმის წევრი, რომელმაც 2008 წელს ხმა მისცა საქართველოს დაქუცმაცებას, ყველა მათგანი საქართველოში წარმოადგენს დღესდღეობით, სანამ სიტუაცია არ შეცვლილა, უსაფრთხოების რისკს, ყველა მათგანი წარმოადგენს საქართველოსადმი მტრულ ფაქტორს, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების შემოშვება საქართველოში არ შეიძლება, თუ ჩვენ გვაქვს ღირსება, თავმოყვარეობა, ქვეყნის სიყვარული, ამიტომ, პირველ რიგში, მე მინდა ძალიან მკაცრად დავგმო ჩვენი სასაზღვრო უწყების, ამ შემთხვევაში შსს-ს და მინისტრის საქციელი, რომელმაც დაუშვა საქართველოს მტრის ასე დაუსჯელად ჩამოსვლა საქართველოში, თავისუფლად გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიმსახურა გუშინდელი აქციის მონაწილეების დაკავების გამოც:
“ახალგაზრდების ჯგუფი კანონის სრული დაცვით აპროტესტებდნენ ამ სუბიექტის საქართველოში ვიზიტს, მაგრამ შსს-ს წარმომადგენლებმა გამოიყენეს გადამეტებული ძალა, აღკვეთეს მათი კონსტიტუციური უფლება, რომ მშვიუდობიანად გამოეხატათ პროტესტი… საქმე გვქონდა პოლიტიკური შინაარსის ქმედებასთან პოლიციის მხრიდან…
ეს ახალგაზრდები დააკევს და მე კატეგორიულად მივუთითებ, ვთხოვ და ვავალებ ღარიბაშილს, რომ ეს ხალხი უნდა იქნენ გაშვებულნი დაუყოვნებლივ, ნუ გგონიათ, რომ ქვეყანა არის ჩალით დახურული,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აქციის სამი მონაწილე გუშინ დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით. მათი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
