“ერთადერთი ოცნება მაქვს. 9 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც დაივიძინო საწოლში, თეთრეულში,”- ამბობს იამზე ხასაია.
46 წლის იამზე ხასაია და მისი ქმარი, 1977 წელს ფერეიდნიდან ჩამოსახლებული მაჰმადიანი მესხი – ბაირამ დავით ყურაძე, სამ შვილთან, რძალთან და ორ შვილიშვილთან ერთად ძველ, ორ დაჟანგულ ავტობუსში 2005 წლის შემდეგ ცხოვრობენ.

საძინებელი ადგილი ფიცრებისგან აქვთ გაკეთებული. ძველ რკინის კონსტრუქციაში ზაფხულის ცხელ დღეებში მხოლოდ დასაძინებლად შედიან. სხვა შემთხვევაში, ეზოში არიან. ეზოშივე სძინავს ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს, 3 თვის შვილიშვილს.
ზამთარში ავტობუსში დადგმული შეშის ღუმელით თბებიან, იქვე ამზადებენ საჭმელსაც. ზაფხულში ღუმელი გარეთ გააქვთ. ასე, ავტობუსში გადაადგილებისთვის მეტი თავისუფალი ადგილი რჩება.

იმის მიუხედავად, რომ საცხოვრებელ ტერიტორიაზე ბევრი ნივთი აქვთ (ძირითადად, ნაჩუქარი), ძველ, გაფუჭებულ პატარა ტელევიზორს ვერ ელევიან.
“წლებს წინ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა 100 დოლარი გვაჩუქა და ეს ტელევიზორი ვიყიდეთ. უკვე რამდენჯერმე შევაკეთეთ ამ წლების მანძილზე. ამჯერად უკვე არაფერი ეშველება,”- ამბობს იამზე.

ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი სოციალურად დაუცველთა დახმარებაა, რომელსაც ისინი 174 ლარის ოდენობით იღებენ. გარდა ამისა, ბაირამ ყურაძე ოჯახს ჯართის ჩაბარებით არჩენს. ეს ფული მხოლოდ საკვებისთვის ყოფნით:
“იმის მადლობელიც ვარ, რომ ნაგავში არ ვიქექებით და საკვებზე მაინც გვყოფნის ფული.”

“იამზეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თითქმის ყოველდღე სასწრაფო დახმარების გამოძახება უწევს:
“ამას წინათ ერთმა ექიმმა- პროფესორმა უფასოდ მიმიღო და ორი დღის ძვირადღირებული მედიკამენტებიც მომცა. ის დღეები საერთოდ არ დამჭირვებია სასწრაფოს გამოძახება, ისე კარგად ვიყავი.”
“იამზეს სამივე შვილი და ორი შვილიშვილი იქვე ცხოვრობს. მისმა ერთ-ერთმა შვილმა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ იქორწინა, ცოლიც საცხოვრებლად იქვე, ძველ ავტობუსში მიიყვანა.
თბილისის მერიის პროგრამაში, რომელიც სოციალურად დაუცველებისთვის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, იამზე და მისი ქმარიც ჩაერთვნენ. როგორც იამზე ამბობს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მერიისგან პასუხი მიიღეს – ისინი კრიტერიუმებს, რის გამოც შეიძლება საცხოვრებელი მისცენ, არ აკმაყოფილებენ.

