“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ ომბუდსმენის მიერ დღეს, 28 ივნისს გავრცელებულ განცხადებას:

უჩა ნანუაშვილი/ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება
უჩა ნანუაშვილი/ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

 

“2013 წლის 27 ივნისს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა თბილისის მერიის მაღალჩინოსნები და თბილისის საკრებულოს წევრები.

 

მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ დაკავებული 24 ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოხდა კანონის უხეში დარღვევა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, 2013 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის წარმოება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულ პირთა უფლებების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.

 

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეები დაიკითხნენ მოწმის სახით. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი ლეგიტიმურად სვამს კითხვებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მისამართით: რატომ არ მოხდა ზემოხსენებული პირების დაბარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით; რატომ არ მოხდა შესაბამისი შეტყობინება საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებასთან დაკავშირებით; რატომ არ განემარტათ მოწმის სტატუსი და შესაბამისი უფლება-მოვალეობები; რატომ მოხდა აღნიშნული პირების საგამოძიებო სამსახურში ხელბორკილების გამოყენებით გადაყვანა და თუკი არსებობდა მოწმეების იძულებით მიყვანის აუცილებლობა, გაცემული იყო თუ არა მოსამართლის შესაბამისი ბრძანებები.

 

საქართველოს სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში,  შეისწავლის ყველა გარემოებას, გამოიკვლევს არსებულ დეტალებს და საბოლოო შეფასების შემდეგ განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. ასევე, გატარებული საქმიანობისა და მიღებული შედეგების შესახებ ამცნობს საზოგადოებას”.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *