“საბედნიეროდ, ამ ეტაპზე პროცესი შეჩერებულია, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ თუკი რუსი სამხედროები აღნიშნულ მოქმედებებს გააგრძელებენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა სოფელ დიცის რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები,  ხეხილის ბაღები და სასაფლაო, რასაც ამ ადამიანების საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გამოდევნა, საკუთრების და პირადი თუ ოჯახური ცხოვრების უფლების შელახვა მოჰყვება,”- ნათქვამია საიას განცხადებაში.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლის წევრები სოფელ დიცის მოსახლეობას შეხვდნენ, განმარტავს, რომ 2008 წლის ომის შემდგომ, საოკუპაციო ხაზის გადმოწევამდეც ხშირი იყო მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებში რუსი სამხედროების ,,შემოვლა”.


“ფაქტია, რომ არაფრით არის გარანტირებული ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება. ოკუპირებული ტერიტორიების მიჯნაზე მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც სასოფლო სამეურნეო თუ სხვა სახის საქმიანობას ეწევიან, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, საკუთრების თუ სხვა უფლებების დარღვევის რეალური საშიშროების წინაშე დგანან. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არაერთი არსებობს და არა მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში.”


შესაბამისად, საია როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს. 


რუსეთის ხელისუფლებას საია მოიწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობები.


‘სწორედ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით უკანონო თავისუფლების აღკვეთის თითოეული ფაქტსა თუ ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე, თუნდაც ისინი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყოს ჩადენილი, პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთის ფედერაციას ეკისრება.”


საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოწოდებაში კი წერია, რომ  ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო დიპლომატიური თუ სამართლებრივი ბერკეტები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

 

“ამასთან, მნიშვნელოვანია შემუშავებულ იქნას სპეციალური გეგმა და სამართლებრივი მექანიზმები, რათა რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის მიწაზე საკუთრების უფლების გამარტივებული ფორმით რეგისტრაცია მოხდეს, რაც საჭიროების შემთხვევაში ამ ადამიანებს დარღვეული უფლებებისათვის ბრძოლის ეფექტურ შესაძლებლობას მისცემს.”


საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კი საია მოუწოდებს, მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რათა არ გაგრძელდეს საქართველოს ტერიტორიის ანექსია და ოკუპირებული ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დარღვევა.


საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელეს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საზოგადოებრივი დამცველი“, „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის- საქართველო“, „ჯანმრთელი სამყარო.”

                                                                  

აღნიშნული არამთავრობოები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ამასთანავე, უზრუნველყოს კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვა;


“უმოკლეს ვადაში შეიმუშავოს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობისათვის  გადაუდებელი სოციალური დახმარების პაკეტი და სასწრაფოდ განახორციელოს. გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული დიპლომატიური საშუალება, რათა უმოკლეს დროში შეწყდეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ახალი საოკუპაციო ხაზების გავლების პროცესი. მოვუწოდებთ, კონფლიქტის ყველა მხარეს დაიცვას ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართლის პრინციპები და უზრუნველყოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.”

 

გარდა ამისა, არასამთავრობოები გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპის კავშირს, ევროპის საბჭოს, ეუთოს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ევროპის კავშირის მონიტორინგის მისიას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, რათა მათ მხარი დაუჭირონ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს, საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობას და გამოიყენონ ყველა საჭირო დიპლომატიური მექანიზმი იმისთვის, რომ აღკვეთილი იქნას რუსეთის საოკუპაციო  ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო ქმედებები. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *