სამინისტრომ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ინფორმაცია 8 აპრილს გაავრცელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სტამბები ამ ინფორმაციას ბევრად ადრე ფლობდნენ – 29 მარტს უკვე დარეგისტრირდა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გაერთიანებული ქართული სტამბა”.
შპს ფავორიტი პრინტი, შპს ფორმა, შპს სეზანი და შპს მვპ (24 საათის სტამბა) – ეს ის სტამბებია, რომლებიც გაერთიანდნენ ამ პროექტისთვის.
ირაკლი ლეჟავა, “24 საათის” სტამბის წარმომადგენელი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სტამბების გაერთიანება პირდაპირ უკავშირდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას.
ლეჟავა ამბობს, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან სტამბებს შეხვედრა 29 მარტამდე, დაახლოებით 2 კვირით ადრე ჰქონდათ. ლეჟავას თქმით, სამინისტრო მაშინ სტამბების ტექნიკური შესაძლებლობებით დაინტერესდა.
“მაშინ სამინისტროში გვითხრეს, რომ ასეთი ცვლილებაა მოსალოდნელი. სწორედ მაშინ გადაწყდა ჩვენი გაერთიანება. ჩვენ მივიღებთ ერთ შეკვეთას, თუმცა საქმიანობას ისევ ცალ-ცალკე გავაგრძელებთ. საჭიროების შემთხვევაში კი, ერთმანეთს დახმარებას გავუწევთ,”- ამბობს ირაკლი ლეჟავა.
თუმცა დღეს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ჯერ არ არის ცნობილი ის სტამბები, რომლებიც სახელმწიფო დაკვეთას შეასრულებენ სახელმძღვანელოების ბეჭდვასთან დაკავშირებით.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამინისტრო თავად შეარჩევს იმ სტამბებს, რომლებიც სახელმძღვანელოებს დაბეჭდავენ.

