საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობდა და ძირითადი რეკომენდაციების შესრულების კუთხით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა.
ანგარიშში ერთ–ერთ მთავარ მიღწევად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მიჩნეული; ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა აზრისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით, შენარჩუნებული იყო პრობლემები სასამართლო რეფორმისა და მედიის თავისუფლების საკითხში:
“ქვეყანა აგრძელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას; რაც შეეხება ვაჭრობას, ევროკავშირმა დაიწყო მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ (DCFTA), ასევე დაიწყო დიალოგი ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე, რასაც ქვეყნისთვის 2013 წელს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გადაცემა მოჰყვა”, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშთან ერთად უკვე დასახულია სამოქმედო რეკომენდაციებიც, რომელიც ქვეყანამ 2013 წელს უნდა გაითვალისწინოს. რეკომენდაციებისა და ანგარიშის დეტალებს მედიას 21 მარტს თბილისში წარუდგენს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი.
