დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება გუშინ, როდესაც პრეზიდენტს უარი უთხრა პარლამენტში გამოსვლაზე.

 

“ჩვენ გვინდოდა თავიდან აგვეცილებინა დამატებითი გართულებები და მიგვეღწია გარკვეული შეთანხმებისთვის”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

მისი თქმით, კანონით პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე უნდა წარდგენილიყო საგაზაფხულო სესიის გახსნის დღეს, ანუ 6 თებერვალს, რაზეც მან თვითონ თქვა უარი და ამის შემდეგ რეგლამენტი არ დაირღვეოდა, თუკი პრეზიდენტის გამოსვლა რამდენიმე დღით გადაიდებოდა.

 

“შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გადადების და არა გაუქმების. პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემოდა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის გუშინ გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში აპირებდა გამოსვლას, რომელიც პარლამენტის ერთ-ერთი უწყებაა:

 

“ელოდა უარს, მაგრამ ჩვენ არანაირი შეფრხება არ გვინდოდა და არ გვითქვამს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილს “შეეძლო იქიდან ეთქვა სათქმელი, საიდანაც ახლა აკეთებს” – ანუ პრეზიდენტის სასახლიდან, მაგრამ “მან შეარჩია ადგილი ღია სივრცეში, სადაც რთული იქნებოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგან საქართველოში დაგროვილია უკმაყოფილება და ამას ანგარიში უნდა გაუწიოს.”

 

უსუფაშვილის თქმით, დღევანდელ აქციაზე ძალადობის პროვოცირება მოახდინა გიგი უგულავამ:

 

“უგულავამ პროვოკაცია მოაწყო, ჩიორა თაქთაქიშვილი გაილახა, აი, ასე მოქმედებენ ესენი. ვნახე კადრებში, ჩიორა თაქთაქიშვილს სისხლი სდიოდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მე მივესალმები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას და უნდა გამოვლინდნენ ყველანი, ვინც ხელი აღმართა პარლამენტის წევრზე”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა არ ისარგებლეს იმ კორიდორით, რომელიც იყო მათთვის, თუმცა ამის მიუხედავად, ის პასუხისმგებლობას იზიარებს მომხდარი ძალადობის გამო და აცხადებს, რომ ამას მთავრობა ვერ გაექცევა. 

 

“არის ლაპარაკი სიხლისღვრაზე, სახიფათო სიტყვებს ხმარობს მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა და ეს უნდა გავიაზროთ, ფორმალური ძალაუფლება აქვს დარჩენილი სააკაშილს და ამას არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

მან საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა:

 

“ყველას მინდა მივმართო, რომ საჭიროა მეტი ზომები პრევენციისთვის და ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია, იგი გამოიყენებს ხალხს. ნუ მივცემთ ამ ადამიანს იმის საშაუალებას, რომ სხვა დღის წესრიგი შექმნას ამ ქვეყანაში.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *