“პირველ რიგში, გვსურს განვაცხადოთ, რომ დღემდე პატრულის მიერ ქრთამის აღების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოების წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობას, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ თუკი რაიმე მსგავსი ფაქტი იქნება დაფიქსირებული, დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ნომრებზე: 241 88 24, 241 88 81 და პირადად მინისტრს.
მინისტრის ბრძანებით, იანვრის ბოლოს ამოქმედდება ცხელი ხაზი და ყველა მოქალაქეს შეეძლება, 24 საათის განმავლობაში, შეუფერხებლად მიაწოდოს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
“მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, თავი შეიკავონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რეპუტაციის შემლახავი განცხადებების გაკეთებისგან, ვინაიდან კონკრეტული ფაქტების მოყვანის გარეშე ამგვარი განცხადებები ემსახურება პოლიციისა და მთლიანად სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 იანვარს ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა წარადგინა და პატრულის მხრიდან ქრთამის აღების დაფიქსირებაზე სწორედ მაშინ ისაუბრა.
