“თქვენ იცით, რა პოზიციაც ჰქონდა პრეზიდენტს, ის არ იყო ზოგადად ამნისტიის წინააღმდეგი, არც ჩვენ არ ვართ ამნისტიის წინააღმდეგი, ჩვენ გვქონდა კითხვები ე.წ. პოლიტპატიმრების სიასთან მიმართებაში და იმასთან დაკავშირებით, რომ პედოფილები არ უნდა იყვნენ გამოშვებული ამ კანონპროექტის მიხედვით. სწორედ ამ მუხლებს დაადო პრეზიდენტმა ვეტო. საპარლამენტო უმრავლესობამ ეს ვეტო გადალახა და მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ მიღებული კანონის საფუძველზე გარეთ გამოვლენ ჯაშუშობაში მხილებული ადამიანები, შეიარაღებულ ამბოხში მონაწილე ადამიანები და სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მისი თქმით, პროექტს მოწინააღმდეგეები უმრავლესობაშიც ჰყავდა. მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილება პასუხისმგებლობას მაინც მათ აკისრებს:
“საქმე იმაშია, რომ ეს მარტო უმცირესობის და პრეზიდენტის პოზიცია არ ყოფილა, ეს ემთხვეოდა მათი შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციას, თვითონ პრემიერ მინისტრიც ბოლომდე არ იყო მომხრე ამ კანოონპროექტის, ასე რომ, მათ შიგნით თავისი საქმე თვითონ იციან, პასუხისმგებლობის აღება ყველაფერზე თვითონ მოუწევთ”, – აღნიშნა ნადირაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დღეს, 28 დეკემბერს, 91 ხმით დაძლია ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს დაადო.
