PASHA ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის ფარიდ ახუნდაკოვის განცხადებით, ამ დროისათვის “PASHA ბანკ საქართველოს” რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია.
აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტოებს ფარიდ ახუნდაკოვმა განუცხადა, რომ 20 დეკემბერს შვილობილი ბანკის საწესდებო კაპიტალის 35 მილიონი ლარის (20 მილიონი აშშ დოლარის) გადახდა მოხდება.

“ბანკის ლიცენზიისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მივმართავთ, იმედი გვაქვს, რომ საბანკო ლიცენზიას წლის ბოლომდე მივიღებთ”– განაცხადა ფარიდ ახუნდაკოვმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Pasha Bank–მა ჯერ მხოლოდ წარმომადგენლობის გახსნის უფლება მიიღო. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად სებ-ში Pasha Bank-ის განაცხადი უკვე შევიდა. ბანკის თბილისის წარმომადგენლობა რეორგანიზაციის პროცესშია.
საქართველოს ბაზარზე ორი აზერბაიჯანული ბანკის ფილიალი ოპერირებს. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი” (საქართველო) ადგილობრივ ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2011 წლის იანვარი მან 142 000 ლარის მოგებით დაასრულა. 2011 წლის ბოლოს კი ბანკის მოგება 1,3 მლნ ლარით განისაზღვრა. ბანკის აქტივები 2012 წლის პირველი თებერვლისთვის 123 მლნ ლარია. საბაზრო წილი 1%-ით განისაზღვრება. ბანკის დამფუძნებლები არიან: “აზერბაიჯანის ინდუსტრიული ბანკი” – 12,5 პროცენტი, “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი” – 75 პროცენტი და ფიზიკური პირი – 12,5 პროცენტი.
ბაზრის უფრო მცირე სეგმენტი უკავია აზერბაიჯანული „კავკასიის განვითარების ბანკის“ თბილისის ფილიალს. სებ-ის ინფორმაციით, ბანკის მიერ 2011 წელს გაცემული სესხის მოცულობამ 1,794 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველოს საბანკო ბაზარი 19 ბანკით არის წარმოდგენილი.
