შს სამინისტროს პრესამსახურის ნინო გიორგობიანის განცხადებით, პოლიცია ადგილზე წესრიგს იცავდა და პოლიციის კორდონის დახმარებით მოხდა დეპუტატების და პრეზიდენტის შენობაში შესვლაც და გამოსვლაც. “ნეტგაზეთის” მიერ დასახელებულ მაგალითებზე, რომ აქციის მონაწილეები, პოლიციის იქ ყოფნის მიუხედავად, შეურაცხყოფას აყენებდნენ დეპუტატებს და ქვები დაუშინეს პრეზიდენტის ესკორტს, პრესსამსახურის უფოსმა მოკლედ უპასუხა: 

 

“პოლიცია, როგორც ევალებოდა, კანონის ფარგლებში მოქმედებდა და იცავდა უსაფრთხოებას”.

 

ნინო გიორგობიანის თქმით, ყველა სამართალდარღვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები იწყებენ გამოძიებას, როდესაც კონკრეტულ ფაქტს ადგილი აქვს, თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია, დაწყებულია თუ არა გამოძიება ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

 

მომხდარ ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა:

“მივმართავ აქედან სამართალდამცავ ორგანოებს, მე არ ვიცი, იმერეთის პოლიციაა ეს თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ დაუყოვნებლივ პარლამენტს მოხსენდეს, თუ რა მოხდა დღეს, 4–დან 5 საათამდე ქუთაისში, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან და პარლამენტის წევრებთან ვის ჰქონდა ფიზიკური შეხლა–შემოხლა. თუ ჩვენ, ხელისუფლებამ, აღმასრულებელმაც და საკანონმდებლომაც, ერთხელ და სამუდამოდ არ დავამკვიდრეთ რაღაც სტანდარტი ამ ქვეყანაში, მაშინ ძალიან მალე მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგებს. უმრავლესობის მოვალეობაა ეს, რომ აღკვეთოს ასეთი უმსგავსობა, თუ იყო, რასაც მეუბნებიან”.

უმცირესობის სახელით განცხადება გააკეთა დავით ბაქრაძემაც:

“დღევანდელი დღე, როგორც ჩანს, ძალიან გამორჩეულია მძიმე მოვლენებით და აქტიურობებით. დღე დაიწყო იმ ინფორმაციით, როდესაც გაირკვა, რომ კუდის თანამშრომლები სასამართლოს თანამშრომელს აიძულებდნენ, რომ პირდაპირ ეთვალთვალა მოსამართლეებისთვის. ამას მოჰყვა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დაბარება დასაკითხად, ამას მოყვა ქვეყანაში ყველაზე პოპულარული თავისუფალი არხის გენერალური დირექტორის დაპატიმრება და ამას მოჰყვა პირდაპირი ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის წევრების, საპარლამენტო უმცირესობის მიმართ მაშინ, როდესაც იყო პარტიის შეკრება პარტიის ოფისში, მე ხაზს ვუსვამ პარტიის ოფისში და იყო ოფისში შემოჭრის მცდელობა და დეპუტატებთან ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი განცხადებისთვის ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ, ვფიქრობ, დღევანდელი ყველა მოვლენა არის უკიდურესად საგანგაშო”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მან მადლობა გადაუხადა დავით უსუფაშვილს გაკეთებული განცხადებისთვის და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შემდეგ უმცირესობის წევრებმა სხდომა დატოვეს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა, რომელიც ჯერ თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. პარალალურად გაიმართა საპროტესტო აქცია, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მხრიდან დეპუტატების შეურაცხყოფას.

 

პრეზიდენტის მრჩეველმა რაფაელ გლუკსმანმა თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტებმა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს მათზე იძალადეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *