“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გმობს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ასახულ შემზარავ ფაქტებს, რომელსაც სასჯელაღსრულების სისტემაში ჰქონდა ადგილი. ჩვენთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება”, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დღეს, 19 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
“თსუ უერთდება საზოგადოების მოთხოვნას, გამოკვლეულ იქნას ძალადობის თითოეული ფაქტი და დაისაჯოს თითოეული დამნაშავე და პასუხისმგებელი პირი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოში ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად”, – აცხადებს თსუ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გასული დღეების განმავლობაში თავად იყო კრიტიკის ობიექტი და უნივერსიტეთან არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.
სტუდენტთა პირველი აქცია უნივერსიტეტთან 14 სექტემბერს გაიმართა, სტუდენტებმა ადმინისტრაციას რამდენიმე მოთხოვნა გააცნეს და ორშაბათამდე მათი შესრულება მოითხოვეს. ისინი საგნების ასარჩევი ბაზის სრულყოფას, უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორების დაბრუნებას, რეგენტთა საბჭოს დაშლას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნირებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობიდან ანდრო ბარნოვის გათავისუფლებას ითხოვენ.

