არასამთავრობო ორგანიზაციის თურქეთის ოფისის ხელმძღვანელის მაია კობაიძის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხმის მიცემის უფლება წაართვა, სწორედ ამ უფლების დასაცავად ჩამოვიდნენ ემიგრანტები თურქეთიდან და საქართველომდე მანძილი ფეხით დაფარეს: 

 

“ალბათ, არ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომ არ ჰყავდეს ერთი იძულებითი ემიგრენტი მაინც. ეს ადამიანები თავისი მძიმე ცხოვრებით ყველანაირად ცდილობენ, დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს საქართველოში. ჩვენ ვართ ხალხი, რომელთაც ცოცხალი დედ-მამით ობოლი ბავშვები გვეზრდება. ბავშვები, რომლებიც მშობლებს მხოლოდ სკაიპით იცნობენ და ალბათ მხოლოდ ქართულ რეალობაში ხდება ის, რომ მიცვალებულს სკაიპით ტირიან. საზღვარგარეთ გარდაცვლილი ქართველის გადმოგზავნა უსახსრობის გამო ხდება ისე, როგორც ტვირთის. იმის მაგივრად, რომ საქართველოს ხელისუფლება და საკონსულოები ამ ხალხს ეხმრებოდნენ საზღვარგარეთ, პირიქით”.

 

კობაიძე ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ფაბრიკებში, ძინავთ მაგიდების ქვეშ, 24-საათიან რეჟიმში უვლიან სხვებს, ვერ მოიტანენ ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან იმისათვის, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა:

 

“ჩვენ ჩამოვედით ცოტა ხნით, მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით სამუდამოდ, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ”. 

 

კოალიციის ლიდერის მისვლამდე ემიგრანტებისთვის სიმღერა შეასრულეს:ნატო მეტონიძემ, “ფორტემ”, აჩიკო ნიჟარაძემ, ნუგზარ კვაშალმა, ეკა კვალიაშვილმა და სხვებმა.  

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველ კაცს, საქართველოს მოქალაქეს საქართველოში აღარ ეცხოვრებოდეს. მისი თქმით, მილიონზე მეტი ქართველია საქართველოს ფარგლებს გარეთ:

 

“ადამიანები, რომლებიც არაკვალიფიციური შრომით არიან დაკავებულნი, ჩვენი მოსახლეობის ძირითად ნაწილს არჩენენ. ვინც აქტიური იყო, ისინი გაიქცნენ, ან ბიზნესი დაურბიეს, ან ძალადობა გამოიყენეს მათ წინააღმდეგ, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს მოახერხა, რომ მაქსიმალური  რაოდენობით ადამიანმა  დატოვა საქართველო და ნახეთ, როგორ ავითარებს შემდგომ საკუთარ ქმედებებს. არჩევნების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ახლა და ემიგრანტებმა მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ. ჯერ ორშაბათი დღე რამ დაანიშნათ?! ეს დღე დაინიშნა მხოლოდ ერთი მიზეზით, არ მიეღოთ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა”.

 

ივანიშვილის განცხადებით, დაახლოებით 3-4 წელიწადში, არც ერთი ემიგრანტი არ იქნება საქართველოს ფარგლებს გარეთ,  იმათ გარდა, ვინც სამეცნიერო სამუშაოსთვისაა წასული, ან თავისი სურვილით არიან წასულნი:

 

“ესაა ერთ-ერთი ძირითადი ოცნება”,- განაცხადა ივანიშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *