ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საპატრიარქოს მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

 

საუბარია დეკანოზ ბასილ ახვლედიანზე,  სიონისა და ყორანთის, წმ. გიორგის სახელობის ტაძრის  მოძღვარზე, რომელიც საკუთარ  მრევლს  ბიომეტრიული პირადი ბარათების აღებისთვის ერთწლიანი უზიარებლობით სჯის. ერთწლიან უზიარებლობასთან ერთად, მრევლი, რომელიც უკვე სარგებლობს ბიომეტრიული ბარათებით,  მოძღვრისგან სხვა ეპიტამიასაც [მოძღვრისგან ქრისტიანისათვის სასჯელად დაკისრებული მოვალეობა] მიიღებს.

”მე პირველი გადავდგამ იმ ნაბიჯს, მათ ვინც დარჩება ჩემს მრევლში, ყველას აქვს კურთხევა წავიდეს სხვა მოძღვართან, რომელიც ID-ბარათებით შეიწყალებს, მე ყველა მათგანს კურთხევას ვაძლევ. ხოლო, მათ ვინც ჩემს მრევლში დარჩებიან, ერთწლიანი უზიარებლობა ელით და ასევე, ყოველდღე ჩაუგდებლად ერთი კანონი ფსალმუნიდან,” – განაცხადა დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა ქადაგების დროს. 

 

დეკანოზი ბასილ ახვლედიანი ამბობს, რომ  იგი ამ გადაწყვეტილებამდე მეუფე იობთან საუბრის შემდეგ  მივიდა. მისი თქმით, რეალური მორალური პრობლემა საზოგადოებისთვის სწორედ ბიომეტრიული ბარათებია.

 

საპატრიარქოს მდივანი ამბობს, რომ ეს დეკანოზი არ გამოტავს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას: 

”პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ასეთი ბრძანება არ ყოფილა გაცემული, ასეთი მითითებები სასულიერო პირებისთვის არ მიგვიცია. ჩათვალეთ, რომ ეს არის ამ კონკრეტული სასულიერო პირის კერძო მოსაზრება. ვიდრე სინოდი არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მანამდე ასეთი შეზღუდვა ჩვენ არ დაგვიწესებია,” – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა ”ნეტგაზეთთან” საუბარში. 

 

მისი თქმით, მოძღვარი – ბასილ ახვლედიანი შესაბამის შენიშვნასაც მიიღებს. 

ბიომეტრიული ბარათების გამოყენებას ცალკეული სასულიერო პირები, მისი საქართველოში ამოქმედების  დღიდანვე ეწინააღმდეგებიან. მიზეზი,  რის გამოც, სასულიერო პირები ბიომეტრიულ ბარათების აკრძალვას ითხოვენ, არის ის, რომ მათი მოსაზრებით, ბარათი შეიცავს ანტიქრისტეს ნიშანს 666, რაც მოსახლეობის ანტიქრისტეს ნიშნით პირდაპირი დანიშვნაა.

საკითხის სიმწვავის გამო, ბიომეტრიულ ბარათებთან დაკავშირებით, საქართველო საპარტიარქოში 2011 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდმაც იმსჯელა და გადაწყვიტა შეექმნა კომისია, რომელიც ბარათების საკითხს დეტალურად შეისწავლიდა.

წმინდა სინოდის ბიომეტრიული ბარათების შემსწავლელ კომისიაში შედიან: ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია) და რუსთავისა და მარნეულის მეტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

კომისიის წევრმა, მეუფე იობმა 22.01.2012 წლის ქადაგებაზე, მრევლს  მიმართა და  განაცხადა, რომ წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სინოდი მიმართავს მთავრობას, რათა შექმნას ალტერნატიული ბარათები, რომელშიც არ იქნება კოდი 666. მისივე თქმით, წმინდა სინოდში ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

2012 წლის 27 აპრილს საინფორმაციო სააგენტო ”ივერონისათვის” – მიცემულ ინტერვიუში  საპარტიაქოს მდივანი მიქაელ  ბოტკოველი ადასტურებს, რომ სინოდში ბიომეტრიული პასპორტების  საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.

”სინოდში სპეციალური ჯგუფი, ბიომეტრიული პასპორტების საკითხს კვლავ განიხილავს. ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მართალია პირად საუბარში, პატრიარქი ბრძანებს, რომ ბიომეტრიული პასპორტი ”პირად ნებაში ჩარევაა”, მაგრამ დაველოდოთ სინოდის გადაწყვეტილებას” – განაცხადა მიქეილ ბოტკოველმა.

ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს მოძღვარ თეოდორე გიგნაძეს, ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე გიგნაძეს უსვამენ კითხვას – ”განწირულია თუ არა ის ადამიანები, რომლებმაც ბიომეტრიული პასპორტი აიღებს? ” – რაზეც იგი პასუხობს:

”ხალხო, ლოგიკურად ვიმსჯელოთ, ყოველგვარი წიგნების გარეშე, მე მაქვს პავლე მოციქულის სიტყვები: ”ვინ განმაშოროს სიყვარულსა ქრისტესა?” და მე გეუბნები ახლა ამ საბუთს, ჩაგიდებ და დამთავრდა შენი ქრისტიანობა, დამიჯერებს მე ვინმე? მე ჩიპიანი პასპორტების აპოლოგიას არ ვახდენ. ის შეიძლება თავისთავად ცუდი იყოს პოლიციური კონტროლის მექანიზმი  იზრდება, თუმცა რის ჯოჯოხეთი. ქრისტიანობა ჩემთვის სულ სხვა რამეა და ვერაფრით ვერ იქნება დამოკიდებული გარეგნულ ატრიბუტიკაზე,” – განაცხადა მოძღვარმა თეოდორე გიგნაძემ.  

გიგნაძე ამბობს, რომ მას არ სურს დაუპირისპირდეს იმ მოძღვრებს, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტებში პრობლემას ხედავენ, თუმცა გიგნაძის თქმით, მას ვერავინ დაარწმუნებს, რომ ბიომეტრიული პასპორტები კავშირშია ჯოჯოხეთთან და მადლის განშორებასთან.

დეკანოზი ბასილ ახვლედიანი საკუთარ ქადაგებაში ეხმიანება სწორედ იმ მოძღვრებს, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტებში პრობლემას ვერ ხედავენ. 

”არ შემიძლია არ ვთქვა მღვდლებთან დაკავშირებით, დღეს ძალიან ხშირად აფიქსირებენ პოზიციას, რომ სასულიერო პირებს არ ესმით თემა, ძალიან ცნობადი სასულიერო პირები, თუმცა სულიერდ სუსტები ამბობენ: რომ ჩვენ არ გვესმის როგორ შეიძლება მადლი განეშოროს ადამიანს ID ბარათის აღებით და იქნებ თქვენ აგვისხნათ და გაგვაგებინოთ. მე არც დრო მაქვს და არც სურვილი, ვსდიო თითოეულ მათგანს და ავუხსნა, თუ რატომ იწყებს სულიწმინდისგან გასვლას ადამიანი, როცა ID ბარათს იღებს. ეს ძალიან მარტივი საფიქრალი თემაა, ” – განაცხადა დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა

საქართველოს მარლთმადიდებლურ ფორუმზე შესაძლებელია გამოკითხვის ნახვაც კითხვით: ემხრობით თუ არა ბიომეტრიული პასპორტებისა და ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებას სავალდებულო წესით?

გამოკითხულთა 27.50%-მა დააფიქსირა პასუხი – ”არ ვემხრობი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ნიშნავს ანტიქრისტეს ბეჭდის მიღებას ან ნაბიჯს ამ გზაზე.” გამოკითხული ფორუმელების 25%-მა დააფიქსირა პასუხი – ”არ ვემხრობი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვისა და ტოტალური კონტროლისაკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის, მიუღებელია”, – ხოლო გამოკითხულთა ყველაზი დიდი რაოდენობა 32.50% – ამბობს, რომ ”ვემხრობი (არ ვარ წინააღმდეგი), რადგან მიმაჩნია, რომ ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობის მოწმობის აღება საერთოდ არ არის დაბრკოლება სულის ცხონების გზაზე, ხოლო გამოკითხულთა 15% – კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. თუმცა ამ გამოკითხვაში მხოლოდ ამ ფორუმის ვიზიტორები მონაწილეობენ და ის არ არის რეპრეზენტატიული. 

ისევე როგორც სინოდის, ასევე, მოსახლეობის პოზიციაც ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. თუმცა, საბოლოო პოზიციას, წმინდა სინოდი ამ საკითხთან დაკავშირებით სინოდის მომდევნო სხდომაზე გაახმოვანებს.  

 

„გვაჩვენონ, სად არის ის სამი 6-ანი და წავშლით. ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ყოველთვის თან ახლავს მსგავსი საუბარი. რელიგიური ფაქტორები გათვალისწინებულია და კომპიუტერული პროგრამები ერთად სამი ექვსიანის კომბინაციას ნომრის შედგენის დროს არ ალაგებს“, _ განუცხადა  “ნეტგაზეთს”  იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენელმა ვალერი ტყეშელაშვილმა 2011 წელს. სწორედ მაშინ გახდა ეს თემა აქტუალური საქართველოში. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *