
დღეს ბათუმში “ქართული ოცნების” წევრებმა გააპროტესტეს მშენებლობა გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე სკვერში, სადაც ბათუმის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული გენერალ მაზნიაშვილის ჯარისკაცებია დაკრძალული.
სკვერის ნაწილი აჭარის მთავრობამ გასული წლის დეკემბერში კომპანია “სისთემ ინშაათს” მიყიდა. ინვესტორმა ტერიტრიას რკინის ღობე შემოავლო და აღნიშნულ ტერიტორიაზე 40– სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას აპირებს.
“ბათუმელებმა” ამ ფაქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე წლის 30 თებერვლის ნომერში გამოაქვეყნა.
“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია სკვერის გაყიდვის და მშენებლობის დაწყების შესახებ რამდენიმე დღის წინ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან კულუარულად მიიღო:
“ეს ინფორმაცია არაოფიციალურად მოგვაწოდეს რამდენიმე კვირის წინ. დოკუმენტი ხელთ არ მაქვს, ოფიციალურად დღეს გამოვითხოვთ ინფორმაციას. წუხელ საღამოს კი ჯებირების შემოღობვა დაიწყეს. ვაფრთხილებთ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს და განსაკუთრებით ინვესტორს, რომ თავი შეიკავონ უკანონო მშენებლობისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაძლევთ აბსოლუტურ გარანტიას, რომ უახლოეს თვეებში ხელისუფლება შეიცვლება და მოხდება ამ ტერიტორიის დეპრივატიზაცია. ჩვენ ვაპროტესტებთ გმირთა საფლავების სკვერის გასხვისებას და ამ სკვერში დაგეგმილ მშენებლობას”.
