დღეს “ამომრჩეველთა ლიგის” თავმჯდომარემ, კოკა გუნცაძემ ბრიფინგი გამართა და ლიგის სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა.

“ამომრჩეველთა ლიგამ” მოქმედების რამდენიმე პრიორიტეტი გამოყო:

1. იქმნება “სოლიდარობის ფონდი”, რომელიც სამართლებრივ და ფინანსურ დახმარებას გაუწევს იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

“ათობით პოლიტპატიმარი დღეს სააკაშვილის ჯურღმულებში იტანჯება და ეს ფონდი სწორედ მათ მხარდასაჭერად იქმნება. ფონდს უხელმძღვანელებენ საზოგადოებისთვის ცნობილი და პატივსაცემი ადამიანები, ეს გადაწყდება უახლოეს დღეებში და მოხდება ფონდის და ხელმძღვანელების ოფიციალური წარდგენა”, – განაცხადა ბრიფინგის შემდეგ ამომრჩეველთა ლიგის წევრმა გოგა ხაინდრავამ.

2. იმის გამო, რომ “ამომრჩეველთა ლიგა” არ ენდობა საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას, ისინი გეგმავენ, კარდაკარის პრინციპით საკუთარი სიები შეადგინონ. როგორც კოკა გუნცაძემ აღნიშნა, “ამისათვის ერთ კვირაში რაიონული ოფისები გაიხსნება თბილისში, ხოლო სამ კვირაში –ყველა დიდ სამხარეო ქალაქში”.

3. ამომრჩეველთა ინფორმირებისათვის არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება.

როგორც მოგვიანებით გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ვიდეოკამერები საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე დამონტაჟდება და პროცესისთვის თვალის მიდევნება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი:

“რადგან ყველაზე რთული, მრუდე და კრიმინალური პროცესები “ნაციონალური მოძრაობის” შესრულებით ხდება ხოლმე საარჩევნო უბნის გარეთ”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გარდა ზემოთ აღნიშნული პრიორიტეტებისა, კოკა გუნცაძე 28 აპრილს დაგეგმილ მსვლელობასაც შეეხო, რომელიც “ამომრჩეველთა ლიგამ” რამდენიმე ხნის წინ დააანონსა:

“გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩეველთა ლიგის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მიმდინარე და დაწყებულ პოზიტიურ პროცესს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით გადავდოთ 28 აპრილის მსვლელობა. ეს აქცია აუცილებლად ჩატარდება საჭირო დროს და საჭირო ადგილას, თარიღს მოგვიანებით გაგაცნობთ”, – განაცხადა გუნცაძემ.

“ამომრჩეველთა ლიგის” წარმომადგენლების განცხადებით, პრიორიტეტების განსახორციელებლად მოძიებული ყველა თანხა გამჭვირვალე იქნება:

“დახარჯული თანხები იქნება ლეგალური და გამჭვირვალე, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ყველა იმ ფონდისგან და ადამიანისგან, რომელსაც ამის უფლება კანონით აქვს”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ. მან თანამშრომლობის მსურველი ადამიანების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ ერთ–ერთი პირველი იქნება, ვინც ფონდში ფულს გადარიცხავს, ასევე აღნიშნა, რომ დახმარების სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს ბიძინა ივანიშვილს:

“მისგან არ ყოფილა შემოთავაზება, მაგრამ ჩვენ ნებისმიერი ადამიანისგან მივიღებთ შემოწირულობას, თუ ეს იქნება კანონიერი, ღია და გამჭვირვალე”, – განაცხადა ხაინდრავამ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *