ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გუანტანამოს ციხის 15 პატიმარი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაგზავნა. BBC -ის ცნობით, ეს არის ყველაზე ფართომასშტაბიანი ერთჯერადი ტრანსფერი, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობის პერიოდში განხორციელდა.

პენტაგონის ინფორმაციით, 12 იემენელისა და სამი ავღანელის გადაცემით პატიმრების რაოდენობა გუანტანამოს ციხეში 61-მდე შემცირდა. განთავისუფლებული პირები ციხეში ბრალდების გარეშე იმყოფებოდნენ, ზოგიერთი მათგანი -14 წლის განმავლობაში. BBC წერს, რომ პრეზიდენტ ობამას საპატიმროს დახურვა პოსტის დატოვებამდე სურს.

გუანტანამოს ციხე-საპყრობილე სამხრეთ-აღმოსავლეთ კუბაში, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზის ნაწილში მდებარეობს. ციხე 2002 წლის იანვარში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა, რასაც წინ უძღოდა 11 სექტემბრის ტერაქტი. საპატიმროში ამ დრომდე ტერორისტულ თავდასხმებში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებიან.

ციხის გახსნიდან 779 ადამიანი იქნა გუანტანამოში გადაყვანილი, აქედან უმეტესობა ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს გათავისუფლდა. ბარაკ ობამამ კი, ჯამში, 161 პატიმრის გათავისუფლებას მოაწერა ხელი და ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნეს. გუანტანამოს ციხეში 9 პატიმარი დაიღუპა.

პრეზიდენტ ობამას გუანტანამოს ციხის გაუქმება დიდი ხანია სურს. იგი მიიჩნევს, რომ ციხის არსებობა ვნებს იმ ქვეყნებთან პარტნიორულ ურთიერთობებს, რომლებიც აშშ-ს ტერორიზმთან ბრძოლაში უნდა დაეხმარონ. მისივე თქმით, გუანტანამოს ციხე ეწინააღმდეგება შტატების ღირებულებებს, ძირს უთხრის ქვეყნის პოზიციებს მსოფლიოში, რომელიც კანონის უზენაესობის მხარდაჭერაზე დგას. გარდა ამისა, ობამა მიიჩნევს, რომ ციხე ხელს უწყობს ჯიჰადისტების რეკრუტირებას და მისი შენახვა ძვირი ჯდება, წელიწადში -445 მილიონი დოლარი.

იმისათვის, რომ ციხე დაიხუროს, პრეზიდენტს კონგრესის თანხმობა სჭირდება, სადაც უმრავლეობა რესპუბლიკელებს აქვთ, რომლებიც თავის მხრივ ციხის დახურვის წინააღმდეგი არიან.

გუანტანამოდან გათავისუფლებული პატიმრები მიიღეს შემდეგმა ქვეყნებმა: საქართველომ, სენეგალმა, საუდის არაბეთმა, სლოვაკეთმა, მაროკომ, ბრიტანეთმა, მავრიტანიამ, ბოსნიამ, მონტენეგრომ, ალჟირმა, ყაზახეთმა, ომანმა, ესტონეთმა, ურუგვაიმ, და ელ სალვადორმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *