კომენტარი

საქართველოს პენ-ცენტრის განცხადება გაზეთ “ასავალ-დასავალთან” დაკავშირებით

25 მარტი, 2014 • 1315
საქართველოს პენ-ცენტრის განცხადება  გაზეთ “ასავალ-დასავალთან” დაკავშირებით

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

“საქართველოს პენ-ცენტრი და ქართველი მწერლები მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ ერთად გამოვთქვათ ქმედითი პროტესტი გამოცემა “ასავალ-დასავლის” საწინააღმდეგოდ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში, მიზანმიმართულად აღვივებს შუღლს, თესავს სიძულვილს და ზიზღს,  ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ათასგვარი სიყალბითა და ცილისწამებით ლახავს  მის პატივს და ღირსებას.

 

“ასავალ-დასავალმა”არაერთი ქართველი მწერლის ლიტერატურული ტექსტი დაამახინჯა და  გააყალბა, რითაც პირველ ყოვლისა მიზანმიმართულად მოატყუა მკითხველი და  უხეშად შელახა  საავტორო უფლებები.

 

არ დარჩენილა ადამიანური, საზოგადოებრივი განვითარებისათვის სასიცოცხლო  ღირებულება, რომელიც “ასავალ-დასავალს” არ შეურაცხუყვია.

 

ჩვენი  კანონმდებლობა, (რომელიც გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს გულისხმობს, რაც უდაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა) ხსენებულ გამოცემას აძლევს საშუალებას იყოს დაუსჯელი და უკონტროლო, მკითხველს უხვად მიჰყიდოს  საწამლავი და შხამი, ტყუილი და ცილისწამება. შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან ამ სიძულვილის ტოქსინებით მოვაჭრის სამართლებრივი შეზღუდვა შეუძლებელია.  

 

ყოველივე ამას ემატება “ასავალ-დასავლის” მიერ ქართველი მწერლის, ზურაბ ქარუმიძის წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის შემდგომ – ჯერ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ს.ჯაჭვლიანის, ხოლო შემდგომში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გ.ხელაიას რეაქცია ქარუმიძის დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად წარდგინების თაობაზე.

 

 

არ გვსურს დავიჯეროთ “ასავალ-დასავლის” კამპანიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას შორის  კავშირის არსებობა, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მიგვითითებენ.  მეტიც, ხსენებული ფაქტები იწვევენ ჩვენში განგაშს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე  შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს ისეთმა ანტიჰუმანურმა გამოცემამ, როგორიც “ასავალ-დასავალია”.

 

მიგვაჩნია რომ ზემოხსენებული ეჭვების გამართლების შემთხვევაში სწორედ “ასავალ-დასავალი” გახდება ის ბნელი და ღრმა ღირებულებითი უფსკრული, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ასე არ მოხდება, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა დაემყარება ადამიანს, როგორც უმთავრეს ღირებულებას, მის თავისუფლებას, პატივსა და ღირსებას, და არა პირიქით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი