კომენტარი

მოსალოდნელი ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში

26 იანვარი, 2017 • 3548
მოსალოდნელი ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში

სულხან სალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი

მალე საზოგადოება მაუწყებლობის შესახებ კანონში მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე გაიგებს. ცვლილებების ნაწილი შესაძლოა ტექნიკური ხასიათის იყოს და მოქმედი ნორმების დაზუსტებას ემსახურებოდეს. თუმცა ცვლილებათა პაკეტის ერთი დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად შეცვლის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ მოქმედ საკანონმდებლო ნორმებს. ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე საკითხს შევეხები, რომელიც ჩემი მოსაზრებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

სულხან სალაძე

სულხან სალაძე

  • პირველ რიგში, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხზე მინდა დავწერო. მხედველობაში მაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტსა და დებულებაში საკუთარი ინიციატივით ცვლილების შეტანის უფლება უნდა ჩამოერთვას. ამ თემაზე საუბრის დროს ხშირად ახსენებენ საბჭოსა და მენეჯმენტს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის საკითხს, მაგრამ რეალურად, ეს საბჭოს უფლებამოსილების შემცირება უფროა, ვიდრე გამიჯვნა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემაში სამეურვეო საბჭო ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები კოლეგიური ორგანოა, რომელსაც საჯაროობის, განხილვებისა და დაინტერესებული ჯგუფების ჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულება კანონით აკისრია. ესეც რომ არ იყოს, დისკუსიებისა და შიდა განხილვების დროს ვერ მოვისმინე ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც სამეურვეო საბჭომ საკუთარი ინიციატივით შეცვალა მაუწყებლის ბიუჯეტი ან დებულება. შესაბამისად, კითხვა – რატომ ეს ცვლილება, უპასუხოდ რჩება.
  • შესაძლოა შეიცვალოს მაუწყებლობის კანონში არსებული ის ნორმაც, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ტელერადიოპროდუქციისთვის საჭირო პროგრამების, გადაცემების, ფილმების, რეპორტაჟებისა და კულტურული ღონისძიებების ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავალებს. მარტივად ეს იმას ნიშნავს, რომ მაუწყებელი ამ პროდუქციის შესასყიდად ხელშეკრულებას იმასთან გააფორმებს, ვისთანაც ჩათვლის საჭიროდ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღემდე არავის შეუფასებია, რატომ დადგა ამ ნორმის შეცვლის საჭიროება: ეს არის ობიექტური აუცილებლობა, თუ არსათანადოდ დაგეგმილი სახელმწიფო შესყიდვების და გაუმართავი სატენდერო განცხადებების შედეგი. ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში დაბალი სამართლებრივი კულტურა და ტრადიციაა, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამა თუ იმ შესყიდვას კონკურენტული სახელმწიფო შესყიდვების მიღმა ტოვებს, ძალიან ახლოს არის კორუფციასთან.
  • უნდა შეიცვალოს კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსების მარეგულირებელი ნორმაც. ცვლილების შედეგად შესაძლებელია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაიზარდოს არსებული სარეკლამო დრო, რომელიც მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროის მონაკვეთში შეიძლება განთავსდეს. დღევანდელი რეგულაციით, ამისთვის დღე-ღამეში 30 წუთია განკუთვნილი. ცვლილების შემთხვევაში კი ერთ საათამდე გაიზრდება. ამავე რეგულაციას ახალი ნორმა უნა დაემატოს, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე დასაშვები იქნება სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის (მათ შორის, მეგა-შოუს), სერიალების სპონსორობის განთავსება.
  • რეკლამასა და ტელეშოპინგთან დაკავშირებული კიდევ ერთი დამატების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება მიეცემა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი იურიდიული პირების კულტურული, საგანმანათლებლო ან/და შემეცნებითი ღონისძიებების ანონსირება/აფიშა, განათავსოს ეთერში. მართალია, ეს ეკონომიკური სარგებლის მიღების გარეშე განხორციელდება, თუმცა უცნობია, ვინ და როგორ შეაფასებს ესა თუ ის რგოლი მართლა ანონსირება ან აფიშა იქნება, თუ ფარული საიმიჯო რეკლამა.
  • არანაკლებ საყურადღებოა მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობასთან დაკავშირებით შემოთავაზებული იდეა, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი გახდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად დააფინანსოს ისეთი ერთობლივი პროექტები პირდაპირ ან/და ირიბად (თანადაფინანსება), რაც შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ სფეროებთან იქნება დაკავშირებული. აქ გამოწვევათა შორის არის ის, თუ როგორ გააშუქებს მაუწყებელი იმ პრობლემებს, რომელიც შესაძლოა ამ პროექტების განხორციელების პროცესში გაჩნდეს (მაგალითად, შესაძლო კორუფციის შემთხვევა, კანონის დარღვევის სხვა ფაქტები და ა.შ.). ან კიდევ, როგორ მოახდენს დამფინანსებელი ადმინისტრაციულ ორგანოსგან საზოგადოებრივი მაუწყებელი დისტანცირებას, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალი მხოლოდ ნაწილია იმ შესაძლო ცვლილებების, რომელიც იდეის დონეზე აქტიურად განიხილება ბოლო დღეების განმავლობაში. ამავე საკითხზე 2017 წლის 27 იანვარს სამეურვეო საბჭო სხდომას გამართავს. შესაძლოა ამ სხდომის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დეტალი გახდეს საზოგადოებისათვის ცნობილი.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი