ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძის ახალი ორგანიზაცია-“დემოკრატიული ძალების კონსოლიდაციისთვის”

12 ნოემბერი, 2015 • • 1572
პაატა ბურჭულაძის ახალი ორგანიზაცია-“დემოკრატიული ძალების კონსოლიდაციისთვის”


ორგანიზაცია “პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი” (ააიპ) საჯარო რეესტრში 2015 წლის 30 ოქტომბერს გატარდა რეგისტრაციაში. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა პაატა ბურჭულაძე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი – ივანე მაჭავარიანი (პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი). ამას გარდა, სამეთვალყურე საბჭოს წევრები არიან მერაბ ტყეშელაშვილი (რუსთავის ყოფილი მერი) და ირაკლი გურჩიანი (“ტოიოტა ცენტრი თბილისის” დირექტორი).

 

ორგანიზაციის წესდების მიხედვით, მისი მიზანია წარუდგინოს ფართო საზოგადოებას წინადადებები შემდეგი მიმართულებით: სახელმწიფო მმართველობა და დემოკრატია, კონსტიტუციური საკითხები, ეკონომიკური პოლიტიკა, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, საგარეო პოლიტიკა, სამოქალაქო შერიგება და ა.შ.

პაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, აგვისტოში გაზეთმა “ალიამ” გაავრცელა. “ალიას” ცნობით, პაატა ბურჭულაძე საპარლამენტო არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბრის ბოლოს მიიღებს. “ალია” ასევე აცხადებს, რომ ბურჭულაძეს მხარს ბიზნესწრეები, საპატრიარქო, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი უჭერს. 

 

მანამდე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლა არ გამორიცხა. ინტერვიუში ბურჭულაძე ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიათი დაწყებული მას პოლიტიკაში მოსვლას ყველა ლიდერი სთავაზობდა, მაგრამ არ დათანხმებულა. თუმცა ამავე ინტერვიუში ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში სხვაგვარად მოიქცეს.

 

“თუ საჭირო იქნება და ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს,”– ამბობს ინტერვიუში ბურჭულაძე. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას პატრიარქის ლოცვა–კურთხევის გარეშე არ მიიღებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი