ახალი ამბები

“ქართული ოცნება” 60 “დამოუკიდებელი ექსპერტის” შესარჩევად კონკურსს აცხადებს

26 აგვისტო, 2015 • • 3270
“ქართული ოცნება” 60 “დამოუკიდებელი ექსპერტის” შესარჩევად კონკურსს აცხადებს

Jobs.ge-ზე განთავსებული განცხადებაში წერია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აცხადებს კონკურსს წინასაარჩევნო პროგრამის პროექტის დიაგნოსტიკური ნაწილის მაღალკვალიფიციური დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით შესამუშავებლად და მზად არის შერჩეულ დამოუკიდებელი ექსპერტთან შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს (15-დღიანი).

 

“მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებთან ერთად, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახორციელებს ქვეყნის მართვას კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამის შესაბამისად. „ქართული ოცნების“ მმართველობამ თვისებრივად აამაღლა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი და ხელი შეუწყო საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარებას. სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში შეიძინა პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო პროგრამებმა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური დატვირთვა.


მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის შემდგომ განვითარებას და ურთიერთობის გაღრმავებას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ამ მიზნით პარტია გეგმავს 2016 წლის წინასაარჩევნო პროგრამის პროექტის შემუშავებას მაღალკვალიფიციური დამოუკიდებელი ექსპერტების ფართო ჩართულობით. პარტიის მიერ წარმართული სამუშაო პროცესი საფუძვლად უნდა დაედოს კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის მომზადებას, რომელიც კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან თანამშრომლობით შემუშავდება”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.


ამავე დოკუმენტის მიხედვით, წინასაარჩევნო პროგრამის პროექტის დიაგნოსტიკური ნაწილი უნდა ასახავდეს სიტუაციის სიღრმისეულ და ობიექტურ ანალიზს, რომელიც მოიცავს: 


ა) 2012 წლის ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობის შეფასებას; 


ბ) 2012-2015 წლებში განხორციელებული ცვლილებების შეფასებას.



“კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 60 დამოუკიდებელი ექსპერტი, რომლებზეც თანაბრად განაწილდება დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებული სამუშაო. 


სამუშაო პროცესის ფარგლებში, დამოუკიდებელი ექსპერტები განაწილდებიან სამუშაო ჯგუფებში სფეროების მიხედვით. პერიოდულად გაიმართება ჯგუფების სამუშაო შეხვედრები (სულ 4 შეხვედრა), რომლებზეც განხილული იქნება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეხვედრებს შორის მომზადებული დოკუმენტები. გარდა ამისა, გაიმართება 2-ორდღიანი საერთო სამუშაო შეხვედრა ყველა ექსპერტის მონაწილეობით, რომელზეც განიხილება დოკუმენტის სტრუქტურა და პროექტის საბოლოო ვერსია.


სამუშაო პროცესს წარმართავს პარტიის აღმასრულებელი მდივანი პარტიის თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის საერთო ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით”.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

“ქართული ოცნების” განცხადებით, აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


1) აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური მეცნიერებების, PR-ის ან სხვა შესაბამის სფეროში;


2) აპლიკანტს უნდა ჰქონდეს – (ა) საზღვარგარეთ მიღებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, ან (ბ) არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სამსახურში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში ან/და მსხვილ კერძო ორგანიზაციებში;


3) აპლიკანტმა უნდა წარმოაჩინოს საქართველოში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების სიღრმისეული ცოდნა და ობიექტური ანალიზის უნარი;


4) აპლიკანტმა უნდა წარმოაჩინოს კარგი ანალიტიკური, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;


5) აპლიკანტმა უნდა წარმოაჩინოს საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;


6) ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური და/ან იტალიური ენის თავისუფლად მცოდნე აპლიკანტები ისარგებლებენ უპირატესობით;


7) აპლიკანტი არ უნდა იყოს დაკავშირებული ან ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან;


8) აპლიკანტი უნდა იზიარებდეს ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორიცაა – ადამიანის ღირსებისა და სხვა ძირითადი უფლებების ხელშეუხებლობა, სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, სოციალური სოლიდარობა, საქართველოს დასავლური კურსის უცვლელობა.

 

აპლიკანტებმა, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას, დამატებით უნდა წარადგინონ ფინანსური შეთავაზება.

 

აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 14 სექტემბერი, 20:00 საათი.


“ჩვენი ამოცანაა, რომ ფართო ჩართულობით დავიწყოთ ღია პროცესი წინასაარჩევნო პროგრამის პროექტის მომზადებისთვის. ხაზს გავუსვამ, რომ პროექტზეა საუბარი. მხოლოდ ეს ექსპერტები არ იქნებიან ჩართულები ამ პროცესში”, – უთხრა ნეტგაზეთს ირაკლი კობახიძემ.


რისთვის დასჭირდა “ქართულ ოცნებას” ექსპერტის ვაკანსიის გამოცხადება იმ ფონზე, რომ მასთან და მის ლიდერებთან ისედაც არაერთი ანალიტიკოსი თუ ექსპერტია დაკავშირებული? – ირაკლი კობახიძე ამ შეკითხვას ასე პასუხობს:


“ჩვენი ამოცანაა, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ღია და გახსნილი. ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ ჩავიკეტოთ და ამისათვის მივმართეთ ამ ფორმას, რომელიც ინოვაციურია. როგორც წესი, საქართველოში პარტიები ასეთ ფორმებს არ მიმართავენ ხოლმე, თუმცა ჩვენი ინოვაციებიდან ეს მხოლოდ ერთ-ერთია. ჩვენი კარი ექსპერტებისთვის ღია უნდა იყოს”, – ამბობს კობახიძე.


შემოიფარგლება თუ არა დამოუკიდებელი ექსპერტებისა და “ქართული ოცნების” თანამშრომლობა მხოლოდ საარჩევნო პროგრამაზე მუშაობით, თუ ის შესაძლოა სხვა მიმართლებითაც გაგრძელდეს? კობახიძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია. 


“თუ ექსპერტი თავს გამოავლენს ისე, რომ ვიფიქროთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რატომაც არა”, – ამბობს იგი.


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი