ახალი ამბები

სასამართლო: “არა პანორამას” 7 მონაწილის მიერ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა დადასტურდა

23 ივლისი, 2015 • 1357
სასამართლო: “არა პანორამას” 7 მონაწილის მიერ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა დადასტურდა

“საპატრულო პოლიციის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების თანახმად, ხსენებული პირები 2015 წლის 19 ივლისს ქ.თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ იყვნენ შეკრებილნი, თან ჰქონდათ ფურცლები უცენზურო წარწერებით, რომელსაც ხმამაღლა სკანდირებდნენ. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცნენ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ( სასკ-ის 166 მუხლი), ხოლო ირაკლი მგალობლიშვილი და ალექსანდრე გიორგაძე, ასევე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით (სასკ-173). 

ღია სასამართლო სხდომაზე არც ერთმა მათგანმა არ აღიარა მათი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები.

საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული დაკავების ოქმების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შემდგომ, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ი. მგალობლიშვილის, ნ. ფერაძის, ე. მალაშევსკი-ჯაყელის, გ. მაქარაშვილის, კ. ჩაჩანიძის, ა. მამულაშვილის და ვ. ქარელის მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის წვრილმანი ხულიგნობის მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის ფაქტები, ხოლო ირაკლი მგალობლიშვილისა და ალექსანდრე გიორგაძის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა,” – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლო
სასამართლო

სასამართლომ ზემოთმოხსენიებული 7 პირი 100-100 ლარით დააჯარიმა, მათ ჯარიმის გადასახდელად 7 დღე განესაზღვრათ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.


როგორც  აქციის ამ მონაწილეთა ინტერესების დამცველი, საიას იურისტი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, სასამართლოს დადგენილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი