ახალი ამბები

ახალი ინიციატივები აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად

11 ნოემბერი, 2014 • • 2367
ახალი ინიციატივები აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად

“აფხაზეთში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქართული ძეგლების გადაკეთება და კვალის წაშლა, ამიტომ დროულად და ეფექტურად უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა,”- განაცხადა ქეთევან კანდელაკმა, საქართველოში იუნესკოს ეროვნული კომისიის გენერალური მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, დღეს, 11 ნოემბერს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საკითხები იხილებოდა. 


იუნესკოს წარმომადგენლის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუნესკოს დღის წესრიგში ეს საკითხი ყოველთვის აქტიურად იდგა, თუმცა ამ დრომდე რაიმე სამუშაო ამ კუთხით ვერ ტარდება. 


“საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩაღწევა აფხაზეთში მნიშვნელოვანი თემაა, რათა ადგილზევე მოხდეს მათი დათვალიერება. ვინაიდან მიზანმიმართული ქმედებები ხორციელდება იქ და ქართული კვალი იშლება ძეგლებზე. 1997 წელს იუნესკომ შეაღწია აფხაზეთში, თუმცა მოგვიანებით გართულდა საკითხი. 2012 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იუნესკოს ისევ მიმართა თხოვნით, ადგილზე გაეცნოს კულტურულ მემკვიდრეობას. 2013 წელს იყო გარკვეული ძვრები ამ კუთხით, უკვე ლოჯისტიკაზეც იყო დაწყებული მუშაობა, ჩართული იყვნენ სახელწმიფო უწყებებიც, არსებობდა იმ ძეგლების ნუსხა, რომლებიც საერთაშორისო მისიას უნდა მოენახულებინა, თუმცა არ განხორციელდა ეს იდეა. თავად იუნესკო ამის მზადყოფნას ყოველვის გამოთქვამდა, წასულიყო ჯგუფი აფხაზეთში, თუმცა მათ ასევე კარგად ესმით, რომ მათი უსაფრთხოება იქ გარანტირებული ვერ იქნებოდა. ეს გარანტიები არ არსებობს,”- აცხადებს ქეთევან კანდელაკი.  

 

მისივე თქმით, დღესაც დგას იუნესკოში საქართველოს მხრიდან აღნიშნული საკითხი.

 

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა მოძრავი კულტურული ობიექტები, ანუ სამუზეუმო ექსპონატები, რომელთა მდგომარეობა უცნობია. თუმცა არსებობს ოფიციალური ნუსხა, რა ინახებოდა იქ და საჭიროების შემთხვევაში ჯგუფს, რომელიც ადგილზე იმუშავებს, შეუძლია იხელმძღვანელოს ამ ნუსხით და შეადაროს,”- ამბობს კანდელაკი, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს, რომ აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე იუნესკოს ეგიდითა და ჩართულობით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდეს. 


“ჩვენ მზად ვართ ამისთვის მოვიზიდოთ გარკვეული ფონდები,”- ამბობს ქეთევან კანდელაკი. 

 

შერმადინ შარია, ორგანიზაცია “აფხაზეთის  ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის” წარმომადგენელი, რომელიც ასევე იმყოფებოდა დღეს პარლამენტში სხდომაზე, აცხადებს, რომ ამ მხრივ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას ქვეყანამ –  მათ შორის, უნდა შეიქმნას “კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური,” რომლის ერთ-ერთი მიზანი იქნება მოძრავ-უძრავი ძეგლებისა და სამეცნიერო ნაშრომების საინფორმაციო ბანკში შეტანა და ამ სიის ეტაპობრივი სრულყოფა.


“ასევე, მნიშვნელოვანია შეიქმნას “საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი” და იუნესკოს ეგიდით აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე თბილისში კონფერენცია გამართოს, სადაც დაისმება საკითხები იქ არსებული ძეგლების კონსერვაციაზე. საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების პირველადი სახის უკანონო ხელყოფის გამო,”- ამბობს შარია. 

 

აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე საუბრის დროს, საილუსტრაციოდ, დეპუტატებმა მიმდინარე წლის 29 ივლისის ვალერი ბგანბას განცხადება მოიყვანეს, რომელიც ბიჭვინთის საეპისკოპოსოდან ორღანის გატანას შეეხება. 


“მიზანმიმართულად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადაკეთება, ისტორიული კვალის წაშლა. ის უნიკალური მემკვიდრეობა არა მხოლოდ საქართველოს ნაწილია, ის მსოფლიო მემკვიდრეობაა და უნდა მოხდეს საერთაშორისო მისიების მიერ დაფიქსირება, რა კვალი წაიშალა, რა მდგომარეობაშია ისინი, რა მოხდა ამ წლების განმავლობაში. პირვანდელი მონაცემები ჩვენთან არსებობს,”- ამბობს პაატა გაფრინდაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე. 


აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის განხილვის საკითხს ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატშიც აყენებს, თუმცა, ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების განმარტებით, აფხაზეთის მხარე შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს. 


ჟენევის ფორმატში იხილება ხოლმე ეს საკითხები მუდმივად. თუმცა აფხაზეთის მხარე არ მოდის იმაზე, რომ მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. ბოლო შეხვედრაზე ვიდეოკოლაჟი წარმოგვიდგინეს გარკვეული ტაძრების. განგვიმარტეს, რომ ომის შემდეგ ბედიის ტაძრის თვითშეკეთება დაიწყო მოსახლეობამ, თითქოს თავის მართლების რეჟიმში არიან,”- ამბობს ვახტანგ ყოლბაია,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.


პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ საკითხის ამომწურავად შესასწავლად, სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად და კონკრეტული ნაბიჯების დასაგეგმად უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი. 

 

„ეს არის ამ საკითხის პირველი განხილვა, ვფიქრობთ, სათავე უნდა დავუდოთ საკითხის გააქტიურებას და მასში სხვადასხვა სტრუქტურების ჩართვას. უშველებელი ინტელექუალური რესურსია საქართველოში, მათ შორის აფხაზეთშიც დაგროვილი, რომლებიც მოწოდებულნი არიან, გადაარჩინონ კულტურული მემკვიდრეობა. გამყოფი ხაზი არის ოკუპაცია და პოლიტიკური თემები, რომელიც, სამწუხაროდ, ფარავს იმას, რასაც ჰქვია ჩვენი საერთო ისტორია და მემკვიდრეობა. ამიტომ ამ თემაზე კიდევ გავაგრძელებთ შეხვედრებს და მსჯელობას,”- აცახდებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი.


პარლამენტის წევრის, დემურ ბაშელეიშვილის აზრით, პარალელურ რეჟიმში უნდა წარიმართოს მუშაობა პოლიტიკურ და კულტურულ წრეებში და შემუშავდეს კონკრეტული პროგრამები, რათა მოხდეს კულტურის “ამ მნიშვნელოვანი ნაწილის შენარჩუნება.”

 

ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში–71 კულტურული ძეგლია, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში კი 600-ზე მეტი ექსპონატი ინახება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი